ახალი მთავრობის ფორმირება

უსუფაშვილი: ვვარაუდობ, ახალ წლამდე ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მოვახერხებთ

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი პრემიერმინისტრის დამტკიცების საკანონმდებლო ნორმებზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილის ვარაუდით, "ეს საკითხი დასრულდება მომავალი კვირის დასაწყისში, ანუ ახალ წლამდე ჩვენ მოვახერხებთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას და ახალი მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის მართვას".

"პრემიერმინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ჯერია. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ, სავარაუდოდ, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა, კოალიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი და ურღვევია და ასეთად დარჩება ამ პროცესში, ალბათ პარასკევს ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - თქვა უსუფაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც პრემიერმინისტრობის ოთხ სავარაუდო კანდიდატს შეეხებოდა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თავიანთ საქმიანობაში ოთხივე დასახელებული კანდიდატი წარმატებულია.

"გიორგი კვირიკაშვილი არის წარმატებული პოლიტიკოსი, იგი პოლიტიკაში იყო 15 წლის წინაც. ბატონი სერგეენკო ასევე არის წარმატებული მინისტრი და ჯანდაცვის სფეროში ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა და წარმატება. საქართველოს რკინიგზა არის წარმატებული კომპანია, რომელსაც სერიოზული მიღწევები აქვს საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნითაც. დიმიტრი ქუმსიშვილმა სადაც იმოღვაწა, ძალიან კარგი კვალი დატოვა. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ გვარები, ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს ჩვენს გუნდში და თუ ვის წარვადგენთ, ამის თაობაზე პარასკევს ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ საღამოს დატოვა. ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 2 ნოემბერს წარადგინა. გასული ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობდნენ საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილისგან რჩევების მიღებას არც ღარიბაშვილი უარყოფდა.

პრემიერის გადადგომის შემდეგ, ძალამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი. ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ პროგრამას. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერმინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები