ღარიბაშვილის გადადგომა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

ტაბულა

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა 20:00-ზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

"მას მერე, რაც ბატონმა პრემიერმინისტრმა გადადგა, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე თანამდებობიდან დროული წასვლით. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერმინისტრობა, ზოგადად, ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი.

ჩემთვის ეს არის უბრალოდ რესურსი, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერმინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერმინისტრს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 2 ნოემბერს წარადგინა, რის შემდეგაც ექსპრემიერმა, მისი თქმით, პოლიტიკა დატოვა. თუმცა, გასული ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობდნენ საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილისგან რჩევების მიღებას არც ღარიბაშვილი უარყოფდა.

პრემიერის გადადგომის შემდეგ ძალამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი. ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ პროგრამას. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერმინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები