ეროვნული გმირი

საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა „2015 წელი - ქალთა წელი“ შეაჯამა და მარო მაყაშვილი საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირობისათვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო მარო მაყაშვილის ოჯახის შთამომავლებს გადასცა.

"წინა საუკუნის ოციან წლებში აქ დაიღუპა გოგო, რომელსაც ჰქონდა მომავალი ცხოვრების ძალიან ნათელი იმედი. ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა ევროპაში სწავლაზე, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - საქართველოს თავისუფლების დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ იქნებოდა. მარო მაყაშვილი, რომელიც 19 წლის ასაკში აქ დაიღუპა, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება. ვაცხადებ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის, წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარიამ (მარო) მაყაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცეს ეროვნული გმირის ორდენი გარდაცვალების შემდეგ“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს სულ 16 ეროვნული გმირი ჰყავს - მარო მაყაშვილი, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინტრაძე, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, მიხაკო წერეთელი, ჟიული შარტავა, ზაზა დამენია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები