საქართველოს ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი 2015 წელს 3%-იანი ზრდის მიღწევას პროგნოზირებს

facebook.com/economypr

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა, იანვარ-ნოემბრის ზრდის მაჩვენებელი კი 3%-ს შეადგენს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე 3%-იანი ზრდის მიღწევას პროგნოზირებს. 2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.6% შეადგინა წელს 3%-იანი ზრდა კი ეკონომიკის შენელებას ნიშნავს.

"სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა, ეს არის 5,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრის თვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 3%-იან ზრდაზე გავალთ წლევანდელ წელს. არის რამდენიმე დარგი, სადაც განსაკუთრებით დიდი ზრდა გვაქვს: მშენებლობა- 30%-იანი ზრდა გვაქვს, მეტალურგიული პროდუქტების წარმოება-30%-იანი ზრდა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა 15 %-იანი ზრდა, სასტუმროებში და რესტორნებში გვაქვს 10%-იანი ზრდა და საფინანსო შუამავლობაში გვაქვს 9%-იანი ზრდა,"- ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა.

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ერთის მხრივ 23%-ით შემცირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა, ასევე 11%-ით შემცირებული იმპორტის მაჩვენებელმა. დადებითი ფაქტორები კი იყო დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 10.1%-იანი ზრდა. სულ ამ საწარმოთა ბრუნვამ ნოემბერში 4.5 მილიარდი ლარი შეადგინა. 

6%-ით გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორია. 

გაზრდილია საბიუჯეტო ხარჯების რაოდენობაც და ნოემბრის თვეში ხარჯები 31 მილიონით აჭარბებს შემოსულობებს. გასული 11 თვის მანძილზე მთავრობის ხარჯები 7.21 მილიარდი ლარი იყო, მისმა შემოსავლებმა კი 7.27 მილიარდი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის შემოსავლები ხარჯებს 60 მილიონით აჭარბებს. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. თერთმეტი თვის წინასწარი მონაცემებით ეს მაჩვენებელი 3%-ია. ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის 2%-იანი ზრდის პროგნოზს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

კომენტარები