ღვინის ექსპორტი

2015 წელს ღვინის ექსპორტი 39%-ით შემცირდა

დავით მძინარაშვილი / REUTERS

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება $98 მილიონს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით 39%-ით ნაკლებია. ექსპორტის შემცირება ქართული ღვინის უმსხვილეს ბაზრებზე, რუსეთსა და უკრაინაში, არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, რის გამოც ამ ქვეყნებში ღვინის გადატვირთვები 53%-ით შემცირდა. უმსხვილეს ბაზრებზე არსებული კლების მიუხედავად ჩინურ და პოლონურ ბაზრებზე ექსპორტის ზრდაც შეინიშნებოდა, ჩინეთი ღვინის ექსპორტის მიხედვით პირველ ხუთეულშიც მოხვდა.

რუსეთი ექსპორტის შემცირების მიუხედავად, ქართული ღვინის მთავარ ბაზრად რჩება. ღვინის ექსპორტის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 18 308 177 ბოთლი (0,75 ლ)
  2. ყაზახეთი - 5 195 949 ბოთლი (0,75 ლ)
  3. უკრაინა -  3 412 453 ბოთლი (0,75 ლ)
  4. ჩინეთი - 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ)
  5. პოლონეთი - 1 600 302 ბოთლი (0,75 ლ)

2015 წლის მანძილზე 122%-ით გაიზარდა ღვინის გადატვირთვები ჩინეთში, რომელიც ღვინის მოხმარებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია და ადგილობრივ მომხმარებელს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ ლოიალობა - ეს ქართულ ღვინოს პერსპექტივას აძლევს, რაც ექსპორტის მაღალ ზრდაშიც გამოიხატება. თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია. ღვინის შედარებით ტრადიციულ ბაზრებზე მსგავსი სწრაფი მატების ტენდენცია არ შეიმჩნევა. მათ შორისაა პოლონეთი ზრდა +3% (1.6 მილიონი ბოთლი), ლიტვა +4% (0.6 მილიონი ბოთლი). 

კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო მექსიკის შემდეგ ღვინის ოცდამეოთხე ყველაზე დიდი მწარმოებელია და მას მსოფლიო ბაზრის 0.3% უჭირავს. ამავე კვლევის მიხედვით, ღვინის ყველაზე დიდი ბაზარი ამერიკაა, თუმცა აღნიშნული ბაზარი ადგილობრივი ღვინით არის გაჯერებული. ჩინეთში კი ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად აქცევს.

2015 წელს ქართული ღვინის მარკეტინგისთვის მთავრობამ 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 

კომენტარები