ნედლეული

BP ნავთობის ფასების ვარდნის გამო 4 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

Getty Images

Bloomberg-ის ცნობით, ბრიტანული ნავთობკომპანია BP 4 000 დასაქმებულის დათხოვნას გეგმავს. თანამშრომელთა შემცირების მიზეზი ნავთობის ფასების 13 წლის მინიმუმამდე შემცირებაა. 13 იანვრის მდგომარეობით, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება $31-ს ჩამოსცდა, ერთი წლის წინ კი მისი ღირებულება $53-ს შეადგენდა. 

გასული წლისა და სამი თვის მანძილზე ნედლი ნავთობის ფასი 73%-ით შემცირდა, რამაც კომპანიის ფინანსებზე უარყოფითი გავლენა იქონია. BP-ს სირთულეები 2010 წელს მექსიკის ყურეში ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე მომხდარი ავარიის შემდეგ შეექმნა, როდესაც კომპანიის 11 მუშა დაიღუპა და გარემოს რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა. კომპანიამ ზარალის ასანაზღაურებლად $40 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყიდა. 

BP-იმ ჩრდილოეთის ზღვაში ახალი ნავთობპლატფორმების მშენებლობის პროექტები დროებით შეაჩერა და იქ დასაქმებული 600 ადამიანი გაათავისუფლა. ამ დროისთვის BP-ს 165 პლატფორმის ოპერირება აქვს შეჩერებული. CNBC-ის ცნობით, წელს კომპანია საოპერაციო ხარჯების კიდევ უფრო მეტად შემცირებას გეგმავს.

კომენტარები