სოფლის მეურნეობა

თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციაზე მისი სამინისტროს პროექტს ვერ იხსენებს

ტაბულა

თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვერ იხსენებს. წარდგენილი ცვლილებები მთავრობას საშუალებას აძლევს, დაურეგისტრირებელი მიწები თავის საკუთრებად გაიფორმოს. წულუკიანის თქმით, მთავრობიდან პარლამენტში მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება არ წასულა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წამახალისებელ ნორმებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და ის მიწის ფაქტობრივ მესაკუთრეებს იმ დოკუმენტაციის მოძიებაში დაეხმარება, რომელიც მათ მიწის ოფიციალურად რეგისტრაციის პროცესს გაუმარტივებს.

"მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მე არ მახსოვს, რომ მთავრობიდან პარლამენტში რამე წასულიყოს, მაგრამ გეტყვით, რომ კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. ამიტომაც იუსტიციის სამინისტრო პრემიერმინისტრის აპარატთან ერთად გეგმავს, წარადგინოს წამახალისებელი ნორმები იმ პირთათვის, რომელთაც შესაძლოა ან საბუთები არ ჰქონდეთ წესრიგში, რომელიც შეიძლება ჩვენთან ინახებოდეს ყოფილი ტექბიუროს არქივებში ან კიდევ სხვაგან, რათა ჩვენ დავეხმაროთ პროაქტიულად ყველა კერძო მესაკუთრეს, შეადგინოს საკუთარი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს თავისი საკუთრება. მთავარია, ჩვენ მათ საბუთების მოძიებაში დავეხმაროთ, რადგანაც თქვენ იცით, რომ მიწის რეფორმა საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საკმაოდ რთულად ჩატარდა", - ამბობს წულუკიანი. 

2015 წლის დეკემბერში კი პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აძლევს უფლებას ყველა მიწაზე, რომელიც რეგისტრირებული არაა. 

"უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება", - წერია კანონპროექტის პირველ მუხლში.

მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც საკუთრება ვერ დგინდება, მთავრობა გასხვისებაზე ერთწლიან აკრძალვას აწესებს. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება შესაძლებელია დაინტერესებული პირის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ერთი წლის მანძილზე შეძლებენ ფაქტობრივი მესაკუთრეები საკუთრების დოკუმენტაციის გაფორმებას, სახელმწიფოს მიწის უკან დაბრუნება შეეძლება.  

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ავტორებს ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. ასევე არ არსებობს შესაბამისი ექსპერტების დასკვნა კანონის ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით.

"ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში - ასეთი არ არსებობს", - წერია განმარტებით ბარათში. 

კომენტარები