თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერის და ბალეტის თეატრის გახსნაზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული სტუმრები შეძლებენ

30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობის გახსნაზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული პირები შეძლებენ. კერძოდ, თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები. თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა ნეტგაზეთს განუმარტა, რომ ოპერის დარბაზში 1065 ადამიანი ეტევა. ამის გამო, მოსაწვევებთან ერთად ბილეთებს ვეღარ ყიდიან. 

“მოვლენა იმდენად დიდია, ჩვენ ყველა ადამიანი მოვიწვიეთ, ვინც ამ დღეს თეატრში შეიძლება, მოხვედრილიყო. ჩვენ მაქსიმალური აქცენტი გავაკეთეთ საზოგადო მოღვაწეებზე თეატრალური მიმართულებით და იმ ადამიანებზე, ვინც ღირსია, რომ ეს დღე ნახოს. ჩვენ მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები და კომპანიების ხელმძღვანელები, ვინც ამ თეატრის აშენებაში მიიღო მონაწილეობა”, - ამბობს კინწურაშვილი და აღნიშნავს, რომ მოწვეულებს შორის არიან მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, დელეგაციები უცხოეთიდან, საოპერო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები. ასევე, ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენლები.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახსნის დღის ყველა მოსაწვევი ქართუ ჯგუფს გადასცეს, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი არ ადასტურებს. მისი თქმით, მიწვეულებს შორის ნამდვილად არიან ქართუს წარმომადგენლებიც, თუმცა "მათთვის მინიმალური რაოდენობა, ერთი რიგია გამოყოფილი”.

ცნობისთვის, თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა ფაცურიამ ტაბულას თავდაპირველად უთხრა, რომ მაყურებლის დაჯავშნილი ბილეთების გაუქმებაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბილეთების გაყიდვა სალაროში დღეს დაიწყება, ხოლო მოგვიანებით განუცხადა, რომ "რასაც ბატონი დავითი ამბობს, პასუხად ის მიიღეთ".

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვრის პროგრამას ოპერის მოყვარულებს 31 იანვარს, 2 და 26 თებერვალს შესთავაზებს. ბილეთების გაყიდვა ოპერის სალაროში დღეს, 18 იანვარს, 12:00-ზე დაიწყო. ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება, პარტერში კი, ბილეთი 100-150-200 ლარი ღირს.

კომენტარები