NGO-ები: გახშირდა ხელისუფლების წევრების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება

სამოქალაქო პლატფორმის "არა ფობიას!" წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით მკაცრად უნდა გაიწეროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები პარლამენტის წევრების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ განცხადებებზე. მათივე შეფასებით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიმუშაონ თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებითაც მოხდება შიდა რეაგირება მათი ცალკეული წევრების მხრიდან სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული რიტორიკის გამოვლინებებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის ძალადობრივ ქმედებას და არმენოფობიურ დამოკიდებულებებს. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ.

"არა ფობიას" 21 იანვარს, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციას ეხმაურება, სადაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან მისულ თამაზ მეჭიაურს მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ, რის გამოც, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს არტურ არუთინოვს დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "არა ფობიას" განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ, ხოლო მათი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. 

"ეს აკისრებთ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს" - აღნიშნავს სამოქალაქო პლატფორმა.

არა ფობიას შეფასებით,არანაკლებ საგანგაშოა ინციდენტის შემდეგ მეჭიაურის მიერ გაკეთებული კომენტარი.

"დეპუტატი ავლენს არმენოფობიურ დამოკიდებულებას და აცხადებს: "არ ვიცოდი ბატონი არტური თუ იყო, თორე . . . რომ მცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება უფრო მაგრად..." აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით, ასევე, მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამათავრობო სექტორის მიმართ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „ენჯეოელ სოროსელებად" მოიხსენიებს" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ.

"აღნიშნულზე უთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიც. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები. ამავდროულად უკანასკნელ ხანებში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირების ფონზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით მკაცრად უნდა გაიწეროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები პარლამენტის წევრების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ განცხადებებზე. ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიმუშაონ თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებითაც მოხდება შიდა რეაგირება მათი ცალკეული წევრების მხრიდან სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული რიტორიკის გამოვლინებებზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა ვალია, საკუთარი განცხადებებით საზოგადოებას სხვადასხვა ეთნიკური თუ კონფესიური ჯგუფის პატივისცემისკენ მოუწოდებდენენ. ამის საპირისპიროდ ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულებების გამომჟღავნება ქმნის წამახალისებელ ეფექტს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისათვის და აბრკოლებს პლურალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების შესაძლებლობას" - ნთქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED.

კომენტარები