მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერი: მოქალაქეებს აწუხებთ, რომ თბილისში ძალიან მცირე სარეკრეაციო ზონა დარჩა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას თბილისის სარეკრეაციო და ე.წ City resort-ების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში წარმოდგენა სთხოვა.

„ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ ის, რომ ქალაქში ძალიან მცირე სარეკრეაციო ზონა დარჩა. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ყველა პროცედურის გამარტივებაში, რათა მაქსიმალურად დავაჩქაროთ ე.წ. City resort-ების განვითარება," - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც თბილისის მერიის პროექტები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალურ გეგმას დაუთმო.

"გეგმას თბილისის მერია მოკლე ვადებში წარმოადგენს. მორიგი სამუშაო შეხვედრა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან, დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტიზაციასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გაიმართება" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ამასთან, პრემიერმინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული რეგულაციები იმოქმედებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც ცნობილია, გენერალური გეგმის დასრულებას დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება, გარდამავალ პერიოდში რეგულაციების არარსებობა კი, საზოგადოებაში შეშფოთების საგანია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.

"ეს მნიშვნელოვანია, რათა რეგულაციების არარსებობის პირობებში არ გაიცეს ისეთი ნებართვები, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას. გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები