გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას "დესტრუქციულ ქმედებებში" ადანაშაულებს. პარტიის მტკიცებით, ენმ-ის წარმომადგენლები ქართული ოცნების სააგიტაციო მასალებს ფარულად ხევენ, ხოლო მათ კოორდინატორსა და აგიტატორებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქართული ოცნების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ხვალ "საარჩევნო უბნების ჩაშლას" გეგმავს.
"კოალიცია ქართული ოცნება აცხადებს, რომ პარტიის მხრიდან წინაასაარჩევნო კამპანია წარიმართა საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ეთიკის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობისა და ხშირად, ეთიკის ნორმების უხეშად დარღვევას. ბოლო დღეების განმავლობაში, გარდაბანში განსაკუთრებით გახშირდა მათი მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებით.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხედავენ მოსახლეობის ნეგატიურ განწყობას მათ მიმართ, რაც სავარაუდოდ, განაპირობებს მათ დესტრუქციულ ქმედებებს: კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ღამით ფარულად ხევენ ქართული ოცნების სააგიტაციო მასალებს; გუშინ ნაციონალებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ერთ-ერთ კოორდინატორს, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე; გუშინ სოფ. სართიჭალაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელბმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს აგიტატორებს და ა.შ.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გეგმავენ საარჩევნო უბნების ჩაშლას, რათა შექმნან არჩევნების გაყალბებისა და არაჯანსაღ გარემოში ჩატარების ილუზია.
აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ავყვებით არანაირ პროვოკაციულ მოქმედებებს და შევძლებთ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდად და ობიექტურად, რათა დაცული იყოს თითოეული გარდაბნელის ხმა", - აცხადებენ ქართულ ოცნებაში.
პარტია მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებისგან.
არჩევნები გარდაბანში ხვალ იმართება.





