არჩევნები გარდაბანში

გამგებელი: საარჩევნო უბანთან მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად მოვედით

ტაბულა

გარდაბანში, მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად მინდიაშვილი, მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი მივიდნენ. ამის შესახებ ტაბულას რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მტკიცებით, გამგებლები საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწეოდნენ. ქურთის გამგებლის მოადგილის და ერედვის გამგებლის განმარტებით კი, ისინი დასახლებაში დევნილ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ. მათი მტკიცებით, დასახლებაში ხშირად მიდიან და მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ.

"მოსახლეობასთან მაქვს ჩვეულებრივი, რიგითი შეხვედრა. აგიტაციას არ ვეწევი, ეს არის ტყუილი, დღეს მაქვს ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა ჩემს ამომრჩეველთან. ჩემი სამუშაოს შემადგენელი ნაწილია მოსახლეობასთან შეხვედრა. ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც აქვს მოსახლეობას. არანაირი აგიტაცია", - ამბობს ერედვის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი.

"აქ არის ჩასახლებული 70 ოჯახი ქურთის მუნიციპალიტეტიდან და ხშირი ჩამოსვლები გვაქვს ჩვენ, მოსახლეობასთან შეხვედრები. ვინ გითხრათ, რომ აგიტაციისთვის ვართ? ერთი ადამიანი მომიყვანეთ, რომელსაც აგიტაცია ჩავუტარე. ყველანაირ თემებზე ვსაუბრობთ, მარტო დღეს არა, ერთი კვირის წინაც აქ ვიყავი, გუშინწინაც. ხშირ შეხვედრებს ვმართავთ", - თქვა ქურთის გამგებლის მოადგილემ ნუგზარ კახნიაშვილმა.

ჟურნალისტების მისვლის შემდეგ, გამგებლებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ აგიტაციაზე ინფორმაცია არ აქვთ.

"კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, მათ მითითებული აქვთ ინსტრუქცია, რომ იმოქმედონ მაქსიმალურად კანონის ფარგლებში, არ დაარღვიონ არც ერთი მითითება კანონის, ეს არის ჩვენი მითითება, ასე მოქმედებს საარჩევნო შტაბი, თუ იქნება რაიმე ფაქტი საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრივია, მზად ვართ რეაგირებისთვის" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები