სამირა ბაირანოვას გატაცება

შსს: სამირა ბაირანოვას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი სამირა ბაირანოვას გატაცების საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143- მუხლით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სხვა ინფრომაციას შსს-ში ამ დროისთვის არ იძლევიან.

ორი დღის წინ დაკარგული სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრებმა დღეს ფონიჭალაში აქცია გამართეს. მათ რუსთავი-თბილისის გზატკეცილი გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება და დროული გამოძიება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, თუმცა თვითმხილველების დაკითხვა ამ დრომდე არ დაწყებულა და მხოლოდ გატაცებულის ძმა დაიკითხა. სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან მანამ, სანამ მარნეულში, სადაც მათი ვარაუდით იმყოფება არასრულწლოვანი, არ ჩატარდება სამძებრო სამუშაოები.

"პოლიციას ვაწვდით ინფორმაციას მისი ადგილმდებარეობის შესახებ. გვეუბნებიან, რომ ის ჩვენ უნდა მოვძებნოთ. რეაგირებას არ ახდენენ. სავარაუდოდ, ის ახლა მარნეულშია. ნუთუ არ შეიძლება საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება" - აცხადებს გატაცებული არასრულწლოვანის დედა, ნაილა გურბანოვა.

ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, რომ სამირა ბაირანოვა ოთხმა პირმა გაიტაცა. მათ პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია გამტაცებლების ავტომობილის მონაცემების შესახებაც.

გატაცებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა აქცია გუშინაც გამართეს და გამოძიების მოთხოვნით ფონიჭალაში, პოლიციის შენობაში შეჭრა სცადეს.

კომენტარები