სამირა ბაირანოვას გატაცება

ომბუდსმენი გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის აპარატი ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას საკითხს სწავლობს, თუმცა ომბუდსმენისთვის დეტალები უცნობია. 

"არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. დაინტერესებულები ვართ ამ ფაქტით, თუმცა დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვისაც არ არის ცნობილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი სამირა ბაირანოვას გატაცების საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143- მუხლით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სხვა ინფორმაციას შსს-ში ამ დროისთვის არ იძლევიან.

ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, რომ სამირა ბაირანოვა ოთხმა პირმა გაიტაცა. მათ პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია გამტაცებლების ავტომობილის მონაცემების შესახებაც. ოჯახის ცნობით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა ნათესავთან დარეკვა მოახერხა და უთხრა, რომ თბილისში, პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა.

კომენტარები