სამირა ბაირანოვას გატაცება

სამირა ბაირანოვას ნათესავები: გატაცებული თბილისში, პარლამენტთან იმყოფებოდა

რუსთავი 2

სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრების ინფორმაციით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა ნათესავთან დარეკვა მოახერხა და უთხრა, რომ თბილისში, პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა. ამის შემდეგ ბაირანოვას ნათესავებმა კიდევ ერთხელ სცადეს ფონიჭალაში, პოლიციის შენობაში არასრულწლოვანის პოვნის მოთხოვნით შეჭრა. ისინი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა, რის შემდეგაც სამირა ბაირანოვას დედა შეუძლოდ გახდა.

ამ ინციდენტამდე კი სამირა ბაირანოვას ნათესავებმა თბილისი-რუსთავის გზა გადაკეტეს. ისინი პოლიციისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. გარდა ამისა, სამირა ბაირანოვას დედის ინფორმაციით, გამტაცებლების მშობლებმა პოლიციას ქრთამი გადაუხადეს.

„ჩვენ გზა გავხსენით იმ პირობით, რომ პოლიცია საქმეს გამომძიებლებთან ერთად გაგვაცნობდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. მე ვიცი, რომ გამტაცებლების ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს სამართალდამცველებს. მშობლები პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ მოისყიდეს ისინი. ამიტომ არ მიბრუნებენ ქალშვილს“ - აცხადებს ნაილა გურბანოვა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამირა ბაირანოვას გამტაცებლის დედა და ბებია ფონიჭალაში, პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ფონიჭალაში იმყოფებოდა კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილიც. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.

„ეს არის სამძებრო პროცესი და მუშაობენ ჩვეულებრივად, ხშირ შემთხვევაში ასეთი ინფორმაციის გაჟღერება არ არის მართებული და ხელშემშლელია თვითონ პროცესისითვის. ვისაც საჭიროა ველეპარაკე შინაგან საქმეთა სამინისტროში, აქაც არის მოსული სამმართველოს უფროსი და არკვევს ყველაფერს. მიმდინარეობს ძიება“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი სამირა ბაირანოვას გატაცების საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143- მუხლით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სხვა ინფრომაციას შსს-ში ამ დროისთვის არ იძლევიან.

ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, რომ სამირა ბაირანოვა ოთხმა პირმა გაიტაცა. მათ პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია გამტაცებლების ავტომობილის მონაცემების შესახებაც.

კომენტარები