საბჭოთა ანექსია და ოკუპაცია

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 95 წელი გავიდა

წითელი არმია თბილისში
ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან და ოკუპაციიდან 95 წელი გავიდა. 1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია მოსკოვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომლითაც მან უპირობოდ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და აიღო მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება, და დაიწყო სამხედრო ინტერვენცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.

ანექსიის შედეგად ქვეყანაში დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე და მოახდინა მათი ქონების ექსპროპრიაცია.

სუვერენული ქვეყნის გასაბჭოებამდე თბილისის შემოგარენში რუსებთან ბრძოლაში ქართველი იუნკრები დაიღუპნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი გამოცხადებულია საბჭოთა ოკუპაციის დღედ და დადგენილია:

1. გამოცხადდეს ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას ყოველი წლის 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მიგებისა და საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.

3. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშები.

4. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდეს წუთიერი დუმილი ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.

5. ეთხოვოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კერძო დაწესებულებებსა და საწარმოებს, თავი შეიკავონ საბჭოთა ოკუპაციის დღეს მასობრივი საზეიმო და გასართობ-სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისგან.

კომენტარები