საქართველო-აზერბაიჯანი

კახა კალაძე ილჰამ ალიევს და სოკარის პრეზიდენტს შეხვდა

facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალზე განიხილეს შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობა. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტები.

"აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად" - აცხადებს ენერგეტიკის სამინისტრო.

ბაქოში, მინისტერიალი გახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

"მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან,რომელსაც ასევე ესწრებოდა კომპანია "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდუალევი. ორმხრივი შეხვედრა გაიმართა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრთან" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოში დღესვე დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ტაბულას ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისგან ახალი წინადადება მიიღო. კერძოდ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარი საქართველოს, საჭიროების მიხედვით, 500 მილიონი კუბური მეტრით უზრდის გაზმომარაგებას და მის მოწოდებას შაჰ-დენიზის მილსადენით უზრუნველყოფს. ამას გარდა, სოკარი ფასის შესამცირებლადაც მზად არის.

თავად კახა კალაძის განცხადებით, "ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მოლაპარაკებები, 29-ში მე მივდივარ აზერბაიჯანში, სადაც გვექნება შეხვედრა, შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. გაზპრომის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი როლია ის, რომ დღეს სოკართან საუბარი არის ბუნებრივი აირის ფასების დაკლებაზე".

კომენტარები