"გამოძიებამ დაადგინა, რომ 1975 წელს დაბადებული ლევან მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ლევან მ. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბორჯომში დააკავა.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და დანაშაულის ჩადენის იარაღის – ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
ლევან მ-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით)", - აცხადებს შსს.