პრემიერმინისტრის განცხადება

პრემიერი: კონსტიტუციაში უნდა ეწეროს, რომ ქორწინება ქალისა და კაცის ერთობაა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. მისივე თქმით, ამას არ ეთანხმებიან რესპუბლიკელები, თუმცა, მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

"კოალიცია ქართული ოცნების დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა",-თქვა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, კოალიცია ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგია. "ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები