ჰომოფობია

Freeuni: ლექციიდან იძულებით გაძევების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა

იდენტობას ორგანიზებული საჯარო ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით, თავისუფალი უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლექციიდან დამსწრეების იძულებით გაძევების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. უნივერსიტეტის განმარტებით, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა და აუდიტორიაში მყოფი არცერთი პირი ძალადობის საფრთხის წინაშე არ აღმოჩენილა. უნივერსიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ იდენტობას არ უთხოვია დამსწრეებზე რაიმე სახის შეზღუდვის დაწესების შესახებ. ამასთან, Freeuni-ს ინფორმაციით, ლექციის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ეზოში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა, თუმცა, იდენტობის წარმომადგენლებს მათთვის არ მიუმართავთ.

"2015 წლის დეკემბერში თავისუფალ უნივერსიტეტს წერილით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" თხოვნით, დაეთმო აუდიტორია საჯარო ლექციისთვის. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ორგანიზატორს უყოყმანოდ დაეთანხმა.

ლექციის ფორმატზე „იდენტობას" უნივერსიტეტთან კონსულტაცია არ გაუვლია. თავდაპირველ წერილში, ისევე როგორც მომდევნო კომუნიკაციისას, ორგანიზატორი უნივერსიტეტისგან აუდიტორიის დათმობას ითხოვდა საჯარო ლექციისთვის და 4 მარტს „იდენტობის" ფეისბუქ გვერდზე შექმნილ „ღონისძიებაშიც" ლექციის ფორმატი განსაზღვრული იყო როგორც საჯარო.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 6 მარტს აცნობეს, რომ გარკვეული ჯგუფი, საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებდა. ამის შესახებ თავისუფალმა უნივერსიტეტმა იმავე დღეს გააფრთხილა ორგანიზატორი და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური. ასევე, ღონისძიების დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ეზოში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოცხადდა, რაც ცნობილი იყო „იდენტობისთვის".

ღონისძიების დაწყებამდე, უნივერსიტეტის დაცვამ გახსნა ტურნიკეტები, რადგან საჯარო ლექციის ფორმატის მიხედვით, დასწრების მსურველებზე შეზღუდვა არ წესდება. ამასთან, "იდენტობას" არ უთხოვია თავისუფალი უნივერსიტეტისთვის დამსწრეებზე რაიმე სახის შეზღუდვის დაწესების შესახებ.
შესაბამისად, ღონისძიებაზე აუდიტორიაში დიდ უმრავლესობაში აღმოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ლექციის შინაარსს არ ეთანხმებოდა.
აუდიტორიაში მსხდომი ადამიანები სვამდნენ ხშირ შემთხვევაში სიძულვილის ენითა და ჰომოფობიური ტერმინებით გაჯერებულ შეკითხვებს და გამოხატავდნენ ამავე შინაარსის მოსაზრებებს. მას შემდეგ, რაც 15 წუთის განმავლობაში ორგანიზაცია იდენტობას მოწვეულმა ლექტორმა არ დაიწყო ლექცია, პროცესში ჩაერთო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სამართლის სკოლის დეკანი, რომელიც ცდილობდა აუდიტორიის შეკითხვების ლექციის ფორმატში გადატანას, თუმცა თავად მომხსენებელი პასიური იყო.

საბოლოოდ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა კამათი, ისე, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა და აუდიტორიაში მყოფი არცერთი პირი ძალადობის საფრთხის წინაშე არ აღმოჩენილა. შესაბამისად, სამართალდამცველების ჩარევისა და ლექციიდან დამსწრეების იძულებით გამოძევების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა, მათ შეეძლოთ, მიემართათ უნივერსიტეტში მყოფი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის.

სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ" ლექციის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის აქტიურად გავრცელება იმის შესახებ, რომ „უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ლექციის უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზება" და „ლექცია ჩაიშალა".

ასევე სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის" დაგვიანებული განცხადების შინაარსის დიდი ნაწილი აგებულია არასწორ ინფორმაციაზე, სადაც კრიტიკის ძირითადი ობიექტი თავისუფალი უნივერსიტეტია და არა ის ორგანიზაცია თუ ცალკეული პირები, რომლებიც ლექციის შინაარსს ეწინააღმდეგებოდნენ.

თავისუფალი უნივერსიტეტი „იდენტობასთან" გააგრძელებს თანამშრომლობას იმ წინაპირობით, თუ ორგანიზაცია აღიარებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების უზუსტობას და საზოგადოებას დამახინჯების და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე მიაწოდებს ინფორმაციას.

უნივერსიტეტს სურს დააფიქსიროს სინანული მომხდარის გამო და აცხადებს, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის კლინიკებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობის საფუძველზე, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადამიანის უფლებებების, მათ შორის უპირველესად, უმცირესობათა უფლებების დაცვას",- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები