ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები თებერვალში 2.6%-ით შემცირდა

REUTERS | Associated Press

2016 წლის თებერვალში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2.6%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ჩარიცხული თანხის მოცულობა $79 მილიონი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $2.1 მილიონით ნაკლებია. 

ფულადი გზავნილების კლება წელს არ დაწყებულა, რადგანაც რუსეთში არსებული კრიზისის გამო შემცირება შესამჩნევი 2014 წელს გახდა. 2015 წლის თებერვალში კი გზავნილები 22%-ით ანუ $25 მილიონით შემცირდა. 2016 წლის თებერვალში კი ისედაც შემცირებული გზავნილების მოცულობა კიდევ უფრო მეტად, 2.6%-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ფულადი გზავნილების მიხედვით თებერვალში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $25 მილიონი
  2. იტალია - $9.7 მილიონი
  3. საბერძნეთი - $9.3 მილიონი
  4. აშშ - $8.8 მილიონი
  5. თურქეთი - $4.9 მილიონი

ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მისი შემცირება კი ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

თებერვალში საქართველოდან უცხოეთში $15.6 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები