რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ფხალაძე: ჩვენი რაციონალიზმი არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ფხალაძის თქმით, საქართველო ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ, თუმცა ეს ოკუპაციასთან შეგუებას არ ნიშნავს.

"ჩვენი წარმომადგენელი ბატონი ზურაბ აბაშიძე იმყოფება ადგილზე და ვფიქრობ, ის ვალდებულია, შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებას თუ პრეტენზიას, რომელიც გაჟღერდა კარასინის მხრიდან. ფრიად სამწუხარო და შემაშფოთებელია ის, რომ ერთგვარ ტენდენციად იქცა ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, პროვოკაციების მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზზე. მოწესრიგებულ საზოგადოებაში, რომელზეც საუბრობდა ბატონი კარასინი, სწორედ ამგვარი ქმედებები ითვლება მიუღებლად. ამავდროულად, ნორმალური და ურთირთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ასევე ახსენა ბატონმა კარასინმა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობას

საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ და მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს ნებისმიერი უმწვავესი საკთხის მოლაპარაკების ფორმატში გადაჭრას. თუმცა, ეს მიდგომა და ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან და არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას. წყალგამყოფს წარმოადგენს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოთასნ ურთიერთობის. სწორედ ამ პრინციპის დაცვისკენ და აქედან გამომდინარე კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისკენ მოუწოდებს საქართველო რუსეთის ფედერაციას.

რაც შეეხება არჩევნებს, ეს არის საქართველოს საშინაო საქმე. არჩევნები ჩატარდება დემოკარტიის უმაღლესი სატანდარტების დაცვით. არ ვიცი, რომელ არჩევანზე ლაპარაკობდა ბატონი კარასინი, თუ საუბარია სტრატეგიულ არჩევანზე, ქართველ ხალხს ეს არჩევანი კარგა ხნის წინ აქვს გაკეთებული და არ შეიცვლება, თუ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არის საქართველოს საშინაო საქმე, ქართველი ხალხის სუვერენული ნება და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ნების და ამ არჩევანის დაცვისთვის" - განაცხადა ფხალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დღეს განაცხადა, რომ "თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკოსი ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებს". მისი თქმით, "ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული პროვოკაციული რიტორიკის აშკარა ზრდაა, რომელიც ისმის თბილისშიც და საერთაშორისო არენაზეც, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი". კარასინმა აღნიშნა, რომ "საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. მოწესრიგებულ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".

კომენტარები