ეკოლოგია

მერია: დიღმის ტყე-პარკში ხე-მცენარეების განზრახ დააზიანების ფაქტი გამოვლინდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიღმის ტყე-პარკში ხე-მცენარეების განზრახ დააზიანების ფაქტი გამოვლინდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ თბილისის მერიაში შეტყობინება გუშინ შევიდა.

„მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა ფოთლოვანი ხეები გახმობის მიზნით, სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2 ფოთლოვან ხე-მცენარეს ფესვიდან 60-70 სმ სიმაღლეზე, დაახლოებით 8-10 სმ სიგანით, შემოცლილი აქვს ქერქი. ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის კვლევა მიმდინარეობს, ასევე, დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები