ფეხბურთი

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი გარდაიცვალა

Niels Den Haan for the Guardian

68 წლის ასაკში ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი გარდაიცვალა.

კრუიფი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა.

იოჰან კრუიფი, იგივე "მფრინავი ჰოლანდიელი", ყველა დროის საუკეთესო ჰოლანდიელ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.

კრუიფს ევროპის ოქროს ბურთი სამჯერ აქვს მოპოვებული – 1971, 1973 და 1974 წლებში. ის პირველი იყო, ვინც ოქროს ბურთის მოგება სამჯერ მოახერხა.

კრუიფმა საფეხბურთო კარიერა "აიაქსში" დაიწყო, სადაც მან რვაჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, სამჯერ კი ევროპის თასი [დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა]. შემდეგ, "ბარსელონაში" თამაშისას, ის ერთხელ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულს, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. მან კარიერა 1984 წელს "ფეინოორდის" რიგებში დაასრულა.

ამის შემდეგ კრუიფმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. "აიქსის" მწვრთნელის რანგში მან ჰოლანდიის თასი და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. შემდგომ კი, კრუიფი 8 წლის განმავლობაში "ბარსელონას" წვრთნიდა. ის, კატალონიურ გრანდთან ერთად, ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიპოვა, რომელიც "ბარსელონასთვის" პირველი იყო.

კომენტარები