სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენის აპარატი 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz-ს ყიდულობს

www.boldride.com

სახალხო დამცველის აპარატი ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ, 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს. ომბუდსმენის აპარატი მანქანას გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდის. აპარატმა ხელშეკრულება შპს ავტო თრეიდ ინ-თან გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, სახალხო დამცველის ძველი ავტომობილი - Hynday 7 000 ლარად არის შეფასებული. ფასის სხვაობა, ანუ 98 500 ლარი, სახალხო დამცველის აპარატმა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღეში უნდა დაფაროს.

2016 წელს გამოშვებული Mercedes-Benz-ის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აწერს. მისი თქმით, ავტომობილის ჩანაცვლება მისი რემონტისთვის გაწეული ხარჯის ზრდის გამო გადაწყვიტეს. ბელთაძის განმარტებითვე, ასეთი ძვირადღირებულ მანქანას სახალხო დამცველის შესახებ კანონის შესაბამისად ყიდულობენ, რომელიც გულისხმობს, რომ "აპარატი აუცილებელია აღჭურვილი იყოს ტექნიკური საშუალებით, რათა მოხდეს უფლებამოსილების სრულად განხორციელება. აპარატი უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ტექნიკური საჭიროებით, რომ შეუფერხებლად შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება".

სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტი წელს 4.5 მილიონი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თანხის 2% სწორედ ავტომობილის განახლებაზე დაიხარჯება. უწყებაში სულ 123 ადამიანი მუშაობს, მათ ხელფასებზე კი წლიურად 2.8 მილიონი ლარი იხარჯება.

კომენტარები