უზენაესი სასამართლო

კოალიცია მოსამართლეობაზე ნონა თოდუას კანდიდატურას ეჭვქვეშ აყენებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად ნონა თოდუას დასახელებას აკრიტიკებს. კოალიციის მოსაზრებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი წარიმართოს ყველა შესაბამის ჯგუფთან აქტიური კომუნიკაციით და კონსულტაციების გზით, რაც უზრუნველყოფს სწორად შეფასდეს და გაიზომოს თითოეული კანდიდატის დამოკიდებულება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებისადმი.

"სამწუხაროდ, 28 მარტს პრეზიდენტის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატის ნონა თოდუას დამოკიდებულებების და ღირებულებების მიმართ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, მათ შორის, გავრცელდა წყაროები, რომელიც მის ჰომოფობიურ განწყობებზე, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების დამატებით მარგინალიზაციის მცდელობაზე და არაეთიკურ პოზიციებზე მიუთითებს. კერძოდ, 2011 წელს გამოცემული სისხლის სამართლის კერძო ნაწილის კომენტარებში ნონა თოდუა განმარტავს, რომ "მამათმავლობა და ლესბოსელობა სრულწლოვან პირებს შორის დანაშაულს არ წარმოადგენს, თუმცა ამგვარი ქმედება ზნეობრივი და მორალური თვალსაზრისით უკიდურესად გასაკიცხია." ნარკოტიკული დანაშაულის თავის განხილვაში კი მიუთითებს, რომ "ნარკოტიკული საშუალებების პოტენციური მომხმარებლები არიან უნებისყოფო, სასოწარკვეთილი ადამიანები ან სიამოვნების მაძიებელი ეგოისტები." ნონა თოდუა კომენტარებში ასევე აკრიტიკებს მოქმედ კანონმდებლობას და მიაჩნია, რომ თუ სრულწლოვანი პირი ფაქტობრივად დაქორწინებულია 16 წლამდე მიუღწეველ პირთან, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული გამონაკლისები და სრულწლოვან პირს არ უნდა ეკისრებოდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 16 წლის მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის გამო, რადგან ეს არასრულწლოვნის მდგომარეობისთვის შეიძლება უარესიც აღმოჩნდეს", - წერია განცხადებაში.

კოალიციას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტურობას და თანამიმდევრულობას ეჭვქვეშ დააყენებს სასამართლო სისტემის უმაღლეს თანამდებობებზე ისეთი პირების დანიშვნა, რომლების შეხედულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების იდეას.

"სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისის შესუსტების, ვითარების გაჯანსაღებისა და რეფორმების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესში გათვალისწინებულ იქნას შემდეგი რეკომენდაციები: განხორციელდეს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის ინსტიტუციონალიზაცია, ერთგვაროვანი კარგი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით; კანდიდატების შერჩევა მოხდეს ღია და გამჭვირვალე პროცესით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და დისკუსიას აღნიშნულ საკითხზე, რათა განხორციელდეს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეების პატივისცემის განმტკიცება მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში; მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტები, რაც ერთ-ერთი ნომინირებული კანდიდატის შესახებ საზოგადოებაში გავრცელდა", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კომენტარები