დიდი და წმიდა კრება 2016

პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი: საქართველოს ეკლესია ფუნდამენტალისტების ტყვეა

გიორგი ცეცისი / http://anastasiosk.blogspot.com/

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერი, გიორგი ცეცისი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების "ძირის გამოთხრის" მცდელობაში ადანაშაულებს. მამა გიორგი საეკლესიო ამბების სააგენტო „Amen.gr"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია". 

კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც ყველა ეკლესია) აქვს ვეტოს უფლება, რისი მეშვეობითაც, პროტოპრესვიტერის განცხადებით, მას "მძევლად აჰყავს 13 ეკლესია და 300 მილიონ [მართლმადიდებელ] მორწმუნეზე მეტი".

მისივე თქმით, "დაბეჯითებით არავინ უწყის იმ ქართველი მამების გეგმებისა და განწყობების შესა­ხებ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წმინდა და დიდი კრების მუშაობაში. გამო­რიცხული არაა, გააგრძელონ თავიანთი ცნობილი ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ კრე­ბისწინა მოსამზადებელ პერიოდში, ანუ განაცხადონ: "არ ვაძლევთ ხმას, ვინაიდან აღნიშნული არ გამოხატავს ჩვენი ეკლესიის პოზიციას", რითაც ძირს გამო­უთხრიან კრებას, ვინაიდან მასზე გადაწყვეტილებების მიღება მართლმადი­დებ­ლობი­სათვის აქამდე უცხო წესით – კონსენსუსით მოხდება". 

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოს ეკლესიის ქცევას იმით ხსნის, რომ ის "ფუნდამენტალისტური წრეების" ტყვეობაში იმყოფება. ცეცისი მოუწოდებს იმ ეკლესიებს, "რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომელთაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მო­სამ­ზადებელი პერიოდის განმავლობაში), გაგზავნონ შეტყობინება თბილისში". [სავარაუდოდ, აქ იგულისხმება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთან ერთადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერდა პოზიციას, რომ კრებაზე გადაწყვეტილების მიღება არა უმრავლესობით, არამედ კონსენსუსით უნდა მიღებულიყო, რასაც ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო].

პროტოპრესვიტერი წერილს იწყებს მედიით გავრცელებული ცნობების კომენტირებით და აღნიშნავს, რომ "გაკვირვებას (თუ სხვა რაიმეს არა) იწვევს და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, ფართოდ გავრცელებული ცნობა, რომ საქართველოს ეკლესიამ, წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება V კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების მიერ მიღებული დოკუმენტის: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" უარყოფის შესახებ". 

ცეცისი განმარტავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველი მღვდელმთავრები და მღვდლები, რომლებიც პატრიარქ ილია II-ს მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლთა შეხვედრაზე ახლდნენ ჟენევაში (21-28 იანვარი 2016) – აქტიურად მონაწილეობდნენ საგანგებო კომისიის სხდომებში, რომელსაც, მართლმადიდებელ წინამძღოლთა 2014 წლის გადაწყვეტილებით, დავალებული ჰქონდა წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების გადახედვა და რედაქტირება.

პროტოპრესვიტერის განცხადებით, ისინი ასევე აქტიურობდნენ V კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების მსვლელობისას 2015 წლის ოქტომბერში, "სადაც როგორც იტყვიან "სული ამოგვხადეს", სანამ არ მიაღწიეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში შესულიყო არაერთი ცვლილება მათი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან, რაც მათ მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნდათ", - წერს ცესისი.

"თუკი საქართველოს ეკლესია მართლაც არ ეთანხმებოდა ამ კონკრეტულ დოკუმენტს, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა წმინდა და დიდი კრების წინ გამართულ მართლმადიდებელ წინამძღოლთა უკანასკნელ შეხვედრაზე. იქ კი, არათუ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, არამედ პირიქით, საქარათველოს პატრიარქი დაეთანხმა დოკუმენტს და დანარჩენ წინამძღოლებთან ერთად მოა­წერა მას ხელი. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – რას ნიშნავს ამგვარი უკანდახევა, თანაც ასეთი უხერხული "უმოქმედობა" კარგი და კეთილი ილია მეორისა?"

პროტოპრესვიტერი ვატიკანში საქართველოს ელჩის კომენტრსაც ციტირებს, სადაც ეს უკანასკნელი უარყოფს გავრცელებულ ცნობას, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაბლოკა დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" და მიუხედავად ამისა, სვამს კითხვას:

"რას ემსახურება შექმნილი აჟიოტაჟი, კრების მოწინააღმდეგეთა ზეიმი და ხმამაღალი განცხადებები წმინდა და დი­დი კრების მოწვევის წინა პერიოდში? რა არის ეს – ჩვეულებრივი "პროვოკაცია", თუ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა? გაუგებრო­ბათა თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოს ეკლესია ოფიციალუ­რი განცხადებით აცნობებდა მსოფლიოს სიმართლეს", - წერს ცეცისი. 

ცეცისი წერს, რომ აღნიშნული შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას "იმ უბედურებებით, რაც თავს და­ატყდა საქართველოს ეკლესიას ბოლო 25 წლის მანძილზე, როგორც შედეგი შეტაკებებისა და გეოპოლიტიკური არეულობებისა აფხაზეთში, ოსეთში და ზოგადად არასტაბილურ კავ­კასიაში".

"დროა, ბოლო მოეღოს მითს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა (ბულგარეთთან ერთად) მართლმადი­დებე­ლი სარწმუნოების ერთგული დამცველი და წარმოადგენს "მისაბაძ მაგალითს“ დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიათათვის", - აცხადებს პროტოპრესვიტერი.

ცეცისი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის კონსერვატიული იყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყოველგვარი ვიწროდ აზროვნების, ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის გარეშე. თუმცა მან მოგვიანებით დატოვა ეკუმენური ორგანიზაციები. "დღესავით ნათელია და აღნიშნუ­ლი გა­დაწყვეტილება [ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დატოვებისა] არ უკავშირდება შეურყვნელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და გარდამოცემის დაცვას: "იგი გახლავთ შედეგი იმ ეთნოფილეტიკური და პოლიტიკური პრო­ცესებისა, რომლებიც აზანზარებდნენ ქვეყანას კომუნიზმის დაცემის შემდეგ და უკავშირდება ოთხი წინამძღვრისა და ოცამდე ბერმონაზვნის "აჯანყებას", რომლებიც იმყოფებოდნენ რა რუსული საზღვარგარეთის ეკლესიისა და ბერძენი ძველმესტილეების "კვიპრიანეს სქიზმის" არაფორმალური "კანონიკური საფარქვეშ", პოლიტიკური წრე­ებისაგან წაქეზებულნი, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ გეგმებში, რომლებიც მიზნად ისახავ­დნენ ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შექმნას, რასაც უნდა მოჰყოლოდა პატრიარქ ილია II-ის გადაყენება", - ნათქვამია წერილში.

იხილეთ გორისა და ატენის მიტროპოლიტის, ანდრია გვაზავას პასუხი ცეცისის ბრალდებებზე.

კომენტარები