ოკუპირებული აფხაზეთი

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკამ ენგურზე გამავალი ერთ-ერთი ხიდი ჩაკეტა

Sputnik/Сергей Пятаков

გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის თემურ ნადარაიას ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და საქართველოს ე.წ. საზღვარზე, სოფელ თაგილონში, მდინარე ენგურზე გამავალი ხიდი ჩაკეტეს. ნადარაიას კომენტარს Sputnik Абхазия ავრცელებს.

"ამ დროისათვის, საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვა არ განიხილება. საუბარი გვაქვს გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებაზე. თაგილონში მდებარე საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა იმით აიხსნება, რომ ამ ხიდზე მოძრაობა ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყო", - აღნიშნა ნადარაიამ.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსი იხსენებს, რომ მთავარი გამშვები ხიდის გარდა, ენგურზე გამავალი ყველა ხიდის დაკეტვა, პრეზიდენტ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსის ნოდარ ჩაჩხიანის თქმით კი, თაგილონში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ხიდი გადაიხერხა და ე.წ. სახელმწიფო დროშა დაეშვა. მისივე თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის წარმომადგენლებს გააქვთ საკუთარი აღჭურვილობა საგუშაგოდან და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალების დახმარებით, საკონტროლო გამშვები პუნქტის ადგილას ღობე აშენდება.

თაგილონის საკონტროლო გამშვები პუნქტის ლიკვიდაცია და ფეხით გადასასვლელი პუნქტის "ლაკუმხარას" დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა 17 მარტს მიიღო.

როგორც Sputnik Абхазия წერს, დანარჩენი ხიდების ჩაკეტვას აფხაზური მხარე ეტაპობრივად აპირებს. მათი გეგმით, ენგურზე მხოლოდ ერთმა ოფიციალურმა გადასასვლელმა უნდა იარსებოს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ტაბულას დაუდასტურეს ხიდის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია. პრესსამსახურის თქმით, მათ დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. მისივე თქმით, სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე ქალაქში არ იმყოფებიან და კომენტარს ვერ გააკეთებენ. საფეხმავლო ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვას ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურიც.

კომენტარები