ბლოკჩეინი

საქართველოში ქონების რეგისტრაცია Bitfury-ის ბლოკჩეინ სისტემით დაიწყება

coindesk.com

საქართველოში ქონების ბლოკჩეინ სისტემით რეგისტრაციის საპილოტე პროექტი დაიწყება. საპილოტე პროექტის მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და Bitfury-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა მოაწერეს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინს ქონების რეგისტრაციისთვის გამოიყენებს. პროექტის შედეგად, ქვეყანაში ქონების რეგისტრაციის საფასური 95%-ით მაინც შემცირდება. საქართველოში საპილოტე სისტემის დანერგვას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკონომისტი და ინოვატორი პროფესორი ერნანდო დე სოტო დაესრო. 

ტაბულას კითხვაზე თუ რა უპირატესობა აქვს ბლოკჩეინ სისტემას ქონების რეგისტრაციისა და ყიდვა-გაყიდვის აღრიცხვის სხვა სისტემებთან შედარებით პროფესორი ერნანდო დე სოტო პასუხობს, რომ ბლოკჩეინის სისტემით გარიგებათა ხარჯები შემცირდება, რის შედეგადაც ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ახალი პოტენციალი გაჩნდება. 

"სანდოობა და უსაფრთხოება არის ის რაც გლობალურ ეკონომიკას ამოძრავებს. სანდოობა და სიზუსტე კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ვახდენთ მის ჩაწერას და აღრიცხვას. თქვენ საქართველოში უკვე გაქვთ ბიზნესის კეთების სიმარტივის საკმაოდ მაღალი რეიტინგი, ბიზნესისა და სხვადასახვა ტიპის გარიგეგებისა და ქონების რეგისტრაციის კარგი სისტემაც გაქვთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩანაწერების ბლოკჩეინ სისტემაში გადაყვანა გახსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს, რაც თქვენს ქონებას გააჩნია. თქვენი აქტივების მთავარი ღირებულება მათ პოტენციალშია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ბლოკჩეინი ქვეყანაში გააჩენს გაცილებით გამჭვირვალე სისტემას, რომლის ფარგლებშიც ქონების ყიდვა-გაყიდვა გაცილებით უფრო მოქნილი გახდება. ეკონომიკურ ზრდას კი სწორედ გამჭვირვალე თამაშის წესები და ყიდვა-გაყიდვა იწვევს. რაც უფრო იაფი და მარტივია ყიდვა და გაყიდვა მით უფრო მეტად იზრდება იმ ქონების პოტენციალი რომელზეც გარიგებები მიმდინარეობს." - ამბობს ერნანდო დე სოტო.

ქონების რეგისტრაციისთვის ბლოკჩეინ სისტემის გამოყენება 2015 წელს ჰონდურასში დაიწყო, ახალი სისტემის დანერგვის მიზანს დაურეგისტრირებელი მიწების აღირცხვის გამარტივება და ეკონომიკური ზრდის წახალისება წარმოადგენდა. 

ბლოკჩეინი არის სისტემა, რომელიც დღეისთვის ყველაზე ფართოდ ელექტრონული ვალუტა ბიტკოინის ტრანზაქციების აღიცხვისთვის გამოიყენება. 2016 წელს კი მისი ეფექტურობის ტესტირება საბანკო ტრანზაციებისთვის დაიწყეს ისეთმა ბანკებმა როგორიცაა J.P. Morgan და Citigroup. ანალიტიკოსები უკვე ბლოკჩეინ რევოლუციის დასაწყისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი საშუალებით საბანკო ტრანზაციების სანდოობა გაიზრდება, სიჩქარე და ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. კომპანია Goldman Sachs-ის ანალიტოკოსების შეფასებით, ბლოკჩეინს აქვს პოტენციალი რომ მან მსოფლიოში ტრანზაქციების განხორციელების სისტემა სრულად შეცვალოს. 

ბიტკოინით განხორციელებული ყველა ოპერაციის უკან ბლოკჩეინ სისტემა დგას, რაც მისი გარიგებების აღრიცხვისთვის გამოიყენება. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება. 

BitFury მაღალტექნოლოგიური აპრატურის მწარმოებელი კომპანიაა. ისინი ყიდიან მძლავრ სერვერებს, რომელიც კრიპტოვალუტის გამოშვებისას გამოიყენება. პროცესი საკმაოდ ენერგოტევადია. BitFury საქართველოში ორ დატა ცენტრს ფლობს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 60 მეგავატია. BitFury-ის თბილისის 40 მეგავატიანი დატა ცენტრი თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს. კომპანია ელექტროენერგიას შეღავათიანი ტარიფით იღებს.

კომენტარები