პოლიცია

მღებრიშვილი: ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

facebook.com/miaofgeo

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიროგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. მღებრიშვილი ამ განცხადებით ბათუმში მოქალაქეთა დაკავების ამსახველი ვიდეოს გავრცეელბას გამოეხმაურა. მღებრიშვილის თქმით, დაკავების ვიდეო 2016 წლის 23 აპრილს ვერ იქნებოდა გადაღებული, რადგანაც მასში პოლიციელებს რებრენდიგამდე არსებული ფორმები აცვიათ. მღებრიშვილი ფიქრობს, რომ პოლიციის მადისკრედიტებელი ვიდეოს გავრცელება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

"მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია! მე არ დავუშვებ ჩვენი პოლიციელების დაკნინების მცდელობას! არ დავუშვებ, რომ ჩემი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველ დღე რისკის ქვეშ აყენებენ, რათა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მისია - დაიცვან ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოება - გახდნენ სისტემატური თავდასხმისა და მორალური ზეწოლის მსხვერპლნი. სწორედ დასავლური ღირებულებისა და მოქალაქეობრივი პასუხმგებლობის ნაწილია, პატივი სცე და მხარი დაუჭირო შენი ქვეყნის პოლიციას. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა და სავარუდოდ, წინასაარჩევნო ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდება მიზანმიმართული შეტევა პოლიციის იმიჯზე, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დღეს მედიით გავრცელებული კადრებია. ამ კადრების მეშვეობით, ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელი დაარწმუნოს, რომ კონკრეტულ ვიდეოფირზე თანამედროვე პოლიციის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტია აღნუსხული. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არ ასახავს დღევანდელობას. ის გადაღებულია საპატრულო პოლიციის რებრენდინგამდე. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძველი ფორმები აცვიათ. ასევე, ფიქსირდება ძველი მარკის და შეფერილობის ავტომანქანა „შკოდა“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამორიცხულია, 23 აპრილს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის 16 აპრილს ქ. ბათუმში მოქალაქეების დაკავებას ასახავდეს. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული პოლიციელის მხრიდან გადაცდომის შესაძლო ფაქტი პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი და შსს-ს გენერალური ინსპექცია, ასევე, პროკურატურა ამ კუთხით დიდ სამუშაოს სწევს. პირველ რიგში, ეს სწორედ ჩემი ინტერესია, რომ 38000-იან კოლექტივში ზუსტად გამოვავლინო სისტემისთვის ზიანის მომტანი, გამონაკლისი პირები, რათა მათ კანონის წინაშე პასუხი აგონ. თუმცა, არამც და არამც დავუშვებ, რომ ათასობით კეთილსინდისიერ, გულანთებულ პოლიციელს, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, დაუსაბუთებლად, სამართლებრივად გამყარებული მტკიცებულებების გარეშე, ჩრდილი მიადგეთ და ვინმე, საკუთარი კერძო ინტერესების გამო, მათ დაკნინებას შეეცადოს. მე ყოველი ასეთი პოლიციელის გვერდით ვიდგები!" - ამბობს გიორგი მღებრიშვილი.

 

კომენტარები