რუსთავ 2-ის საქმე

გვარამია: სააპელაციო სასამართლო ურთმელიძის გზას ადგას

rustavi2.com

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლო თამაზ ურთმელიძის გზას ადგას. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის ადვოკატების უნდობლობა პირველივე სხდომის შემდეგ დაიმსახურა. სამაუწყებლო კომპანიის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ, საქალაქოს მსგავსად მაღალი სისწრაფით დაიწყო. ნიკა გვარამია იმ რისკებზე საუბრობს, რაც საქმეზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

"მეგობრებო, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და ასევე უკვე ჩატარებული ორი სხდომის ინდიკაციებით, სააპელაციო სასამართლო მაღალი ალბათობით ადგას ურთმელიძის გზას. კოლეგია ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, ზუსტად იმავე დაჩქარებული ტემპით და ჩვენს დასაბუთებულ შუამდგომლობებზე პასუხის ზუსტად იმავე ნეგატიური შინაარსითა და მენტორული ტონალობით გამოირჩევა, როგორც ამას ურთმელიძე აკეთებდა პირველ ინსტანციაში. ოღონდ, ურთმელიძის "მართლმსაჯულებისგან" განსხვავებით, ნაზღაიძე-ყაველაშვილი-გუჯაბიძის "მართლმსაჯულება" კიდევ უფრო მაღალ რისკებს შეიცავს, რამეთუ წინ მხოლოდ უზენაესი სასამართლოა, რომელიც ასევე შეიძლება არ დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს და წარმოებაშიც არ მიიღოს ჩვენი საკასაციო საჩივარი და დაასრულოს თავისუფალი მედია საქართველოში, ამით მოკლას ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების შანსი და, მაშასადამე, ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ასე რომ, ვითარება უკიდურესად საგანგაშოა." - წერს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუკში.

რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოში მსგავსი დავები როგორც წესი საკმაოდ დიდი დროის მანძილზე მიმდინარეობს. თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა კი სააპელაციო სასამართლომ მაღალი სიჩქარით დაიწყო. საძაგლიშვილის შეფასებით, საქმის სწრაფად დასრულება მხოლოდ ქიბარ ხალვაშისა და მთავრობის ინტერესებში შედის. 

"ჩვენ მიერ სააპელაციო საჩივარის შეტანის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა მოსამართლეთა კოლეგია ვისაც ეს საქმე უნდა განეხილა. რაც გვიჩენს საკმაოდ გონივრულ ეჭვს, რომ მთავრობა ცდილობს ეს საქმე დაეწეროს ისეთ მოსამართლეს, რომელიც მიიღებს არა კანონიერ გადაწყვეტილებას, არამედ იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც დაადუმებს ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოუკიდებელ ტელევიზიას. სააპელაციო სასამართლო იხილავს ორი ტიპის საჩივარს ერთი არის ზურუნველყოფის ნაწილი, რაც ეხება ტელეკომპანია საქართველოს დადებულ ყადაღას. ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დაარღვია კანონით გათვალისწინებული ვადები და მიუხედავად იმისა, რომ პასუხი უნდა ყოფილიყო ჩვენ საჩივარზე იანვრის დასაწყისში დღემდე არ აქვს სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება. მეორე სააპელაციო საჩივარზე კი რომელიც ეხება რუსთავი ორის მესაკუთრეთა დადგენას აქ პირიქით სააპელაციო სასამართლო ჩქარობს, ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს საქმე, რაც ცხადია შედის ქიბარ ხალვაშისა და მთავრობის ინტერესში." - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რუსთავი 2-ის შუამდგომლობები პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 27 აპრილს გაგრძელდება. კოლეგია მხარეების სააპელაციო საჩივრებს მოისმენს.

კომენტარები