ცესკო

ISFED: ცესკო-ში განუსაზღვრელი ოდენობის პრემია-დანამატები სისტემატური პრობლემაა

სამართლიანმა არჩევნებმა, ცესკოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებზე, წევრებსა თუ საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები შეისწავლა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით მას მიღებული აქვს 329 520.55 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო - 165 123.55 ლარი, პრემია - 66 762 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი - 97 635 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა.

"პრემიებისა და დანამატების გაცემის სისტემა მსგავსია ცესკოს სხვა თანამდებობის პირებისა თუ წევრების შემთხვევაშიც. მაგალითად, 2011 წლიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით კირთაძეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 346,869.50 ლარი. პრემია და დანამატი ერთობლივად თანამდებობრივი სარგოს 101.2% არის.

2013 წლის დეკემბრიდან ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გიორგი შარაბიძე დაინიშნა. 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით, მას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 218,775.36 ლარი. აქედან პრემიამ და დანამატმა თანამდებობრივი სარგოს 88.5% შეადგინა. ანგარიშში ნაჩვენებია, რომ მსგავსი ტენდენციებით ხასიათდება ცესკოს მდივნისა და დანარჩენი 10 არახელმძღვანელი წევრის ანაზღაურება",- ნათქვამია ანგარიშში.

2011 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლის ცესკოს 10-მა წევრმა ანაზღაურების სახით 4 705 310.16 ლარი მიიღო. აქედან, თანამდებობრივი სარგო - 2 396 650.26 ლარი, პრემია - 1 044 890 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი - 1,263,769.90 ლარი. ცესკოს წევრების მიერ მიღებულმა პრემიებმა და დანამატებმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 96.3% შეადგინა (პრემია - 43.6%, ხოლო დანამატი -52.7%)

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე კარგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში პრემიების და დანამატების განუსაზღვრელი ოდენობებით და პერიოდულობით გაცემა სისტემატიური ხასიათის პრობლემაა. "პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება. გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება მათი ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრა, რაც ხელს უშლის საჯარო დაწესებულებაში ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობას. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცესკო-ს წევრებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების გაიცემა არ წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევებში, ადგილი აქვს თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი ან მეტი ოდენობის დანამატების გაცემას. მაშინ, როდესაც ამ პერიოდში ცესკოს წევრები ისედაც გაორმაგებულ ხელფასს იღებენ. არასაარჩევნო პერიოდში კი ცესკოს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების საერთო ოდენობა, უმეტესწილად, თანამდებობრივი სარგოს 50%-ზე მეტს შეადგენს და რიგ შემთხვევებში, 200%-საც კი აღემატება. ასეთი პრემიების და დანამატების რაოდენობა, გაუმართლებლად მაღალია და მათი გაცემის საჭიროება არ არსებობს", - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და თანამშრომლების მიერ პრემიებისა და დანამატების მიღების პერიოდულობა, საფუძველი და ოდენობა; ასევე უნდა განისაზღვროს პრემიის და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით. აუცილებელია შემცირდეს არასაარჩევნო პერიოდში გაცემული პრემიების და დანამატების ოდენობა, ხოლო საარჩევნო პერიოდში გაორმაგებული სარგოს ფონზე არ უნდა ხდებოდეს დანამატის გაცემა. წახალისებას, პრემიების სახით არ უნდა ეძლეოდეს სისტემატური ხასიათი, არამედ, დაფუძნებული უნდა იყოს თანამშრომლის განსაკუთრებულ დამსახურებასა და კონკრეტულ საფუძველზე.

კომენტარები