ცესკო

ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი მუშაობას წყვეტს

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ მუშაობა შეაჩერა. შენგელიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით მან სოლიდარობა გამოუცხადა კომისიაში არასამთავრობო სექტორიდან 2 წარმომადგენელს, ნინო ჩხობაძესა და ზაურ ხალილოვს, რომლებმაც მოითხოვეს, რომ 15 აპრილს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვამდე საკონკურსო კომისიის მოსმენა გადადებულიყო, რაც კომისიამ არ დააკმაყოფილა.

"გუშინდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კომისიის ორმა წევრმა კომისიას განცხადებით მიმართა და თქვა, რომ ისინი, როგორც კომისიის წევრები, ამ პროცესში მუშაობას შეაჩერებენ. მათ ეს გადაწყვეტილება 15 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის განხილვის დაწყებას დაუკავშირეს [...] თხოვნა იყო, საკონკურსო კომისიის მოსმენა ხომ არ გადაგვედო და საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის განხილვის შემდეგ მიიღებდნენ [...] თუმცა, რადგან ეს არ გაითვალისწინეს, მე, როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი, კომისიაში მუშაობას ასევე ვაჩერებ და გვინდა, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოებისა და კომისიაში მათი კონკრეტული წარმომადგენლების პოზიციისადმი სოლიდარობად აღიქვათ". - ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი. 

არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის წარმომადგენლების ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს, 11 აპრილს, პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურების შესარჩევად კომისიის სხდომა მაინც დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში დღეს სულ 4 კანდიდატს მოუსმენენ - ერთს, გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციისთვის, სამს კი პროფესიული წევრობისთვის.


საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე არსებული კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ასევე, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობაც უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიული წევრებისგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს  ვეტო დაადო.

ხოლო 19 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა - შედეგად, უმრავლესობამ ვეტო დაძლია.

კომენტარები