22 მაისის შუალედური არჩევნები

კობახიძე: გიგა ბოკერია ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა

ტაბულა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა". ასე გამოეხმაურა კობახიძე ზუგდიდში, სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერების ცემის ფაქტს.

„თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთათ ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის" მონაწილეობით. ველოდებით, რომ დღესაც ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისათვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის. საერთო სურათი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში", - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ "„ქართული ოცნება 22 მაისის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს".

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ენმ-ის წევრებს - გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს.

საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა, რომლებიც ენმ-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების მიერ მობილიზებული სპორტსმენები იყვნენ, ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მათი განცხადებით, "ნაციონალებს ხალხთან მისვლის უფლება არ აქვთ".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. მათივე ინფორმაციით, "პოლიცია ხელებჩამოშვებული თანაუგრძნობს დაქირავებულ, ყაჩაღებად ფორმირებულ ბანდას".

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების ჯგუფი რუსთავი ორმა ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში დააფიქსირა. ამის შემდეგ კი, ისინი საარჩევნო უბანზე ნახეს. ისინი კამერას გაურბოდნენ და ამბობდნენ, რომ ტურისტები არიან და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.

კომენტარები