0 კომენტარი

პირველად იყო სიტყვა, და ეს იყო ლოგიკური: არ არსებობს სიტყვა - არ არსებობს საგანიც. მაგალითად, განვიხილოთ სიტყვა “წვიმა”. სიტყვა წვიმა ასახავს ციდან წამოსულ წყალს. ეს ძალიან ზოგადი დებულებაა და არ განასხვავებს წვიმის სხვადასხვა ნაირსახეობას. ძველად ციდან წამოსული წყლის კონკრეტულ ფორმებს საკუთარი სახელები ჰქონდათ. მაგალითად:

არაზანი - თავსხმა;
ისხარი - ჩქარი წვიმა;
ლოშქრი - ნისლსა და წვიმას შუა.

დღეს მე პირადად ამ ჩამონათვალში აღწერილი მოვლენების აღსაწერად ვიყენებ მხოლოდ ერთ სიტყვას: წვიმას. მე სპეციფიკური წვიმის ნაირსახეობის აღსაწერი სიტყვები არ ვიცი, შესაბამისად, ვერც ვაფიქსირებ მათ. ვინაიდან ვერ ვაფიქსირებ, ისინი არც არსებობენ. მე თითქოს ვხვდები, რომ სხვადასხვა წვიმას შორის არსებობს განსხვავება, ვხედავ ამ განსხვავებას, მაგრამ არ მაქვს ხელსაწყო, რომლითაც ამ განსხვავებას გადმოვცემდი. ჩემთვის ყოველთვის წვიმს. მაშინაც კი, როდესაც მე ვხედავ ლოშქრს, ჩემთვის წვიმს. და როდესაც გარეთ ისხარია - მაშინაც წვიმს.

გამოდის, რომ სიტყვა არა მხოლოდ პასიურად აღწერს იმას, რაც ხდება, არამედ თავად არის ის ველი, სადაც ის მოვლენა, როგორც მოვლენა ხდება. ეს სიტყვა არის ჩემი და თავად საგნის ძალისხმევით შექმნილი ჭეშმარიტება, რომელსაც მე რეალობას ვუწოდებ. მაგალითად, როდესაც ვინმეს სიმართლის დაფიქსირების ან “რეალობის” თქმის სურვილი აქვს, ასეთ წინადადებას იყენებს: “დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი”.

იმისათვის, რომ “ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”, აუცილებელია საგანი, ისევე როგორც თავად მე ღია ვიყო ამ სახელდებისთვის. მე საგანი უნდა მომეცემოდეს ისე, როგორც ის არის და მზად უნდა ვიყო აღვწერო ის ისე, როგორიც არის. მაგრამ უფრო ხშირად საგანი უკვე სახელდებული მხვდება ხოლმე. სახელდებული ვიღაცის მიერ. ეს სახელდება კი შეიძლება პირიქით, მალავდეს საგანს უფრო, ვიდრე მისი რეალური აღმოჩენის საშუალებას იძლეოდეს.

ენისა და ჭეშმარიტების ეს შინაგანი კავშირი კარგად აქვს გააზრებული ძალაუფლებას და იგი ხშირად ძალიან წარმატებულად იყენებს მას საკუთარი ჭეშმარიტებების დასაფუძნებლად. ამის დანახვა ძალიან კარგად შეიძლება ორუელის “1984“-ში. ორუელის ტოტალიტარულ სახელმწიფოში არსებობს “ჭეშმარიტების სამინისტრო”, რომლის ერთ-ერთი საქმიანობა ენის რეფორმირებაა. რეფორმირება ისე, რომ სიტყვათა რაოდენობა შემცირდეს და გაქრეს; რომ მთელი ენა დაყვანილ იქნას მხოლოდ იმ სიტყვებზე, რომლითაც მხოლოდ იდეოლოგიის მიერ შექმნილი ჭეშმარიტების აღწერა არის შესაძლებელი. მაგალითად, თუ შენ გააქრობ სიტყვებს - თავისუფლება, თვითგამოხატვა, ინდივიდუალურობა და მშვიდობა, რომლებიც შეიძლება გამოიყენო ორუელის სახელმწიფოს კრიტიკისათვის, მაშინ ამ სახელმწიფოს ვეღარ გააკრიტიკებ. მისი კრიტიკა უბრალოდ საზრისს კარგავს. ენის რეფორმირების ნაწილია ე.წ. ორაზრების (Doublethink) შექმნაც, რაც ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებით შემდგარ წინადადებას ნიშნავს. მაგალითად, ორუელის ორაზრებია:

ომი მშვიდობაა!
თავისუფლება მონობაა!
უმეცრება ძალაა!

მსგავს მოვლენას აღწერს მერაბ მამარდაშვილიც საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის აღწერისას. იგი ამბობს, რომ ტოტალიტარიზმმა მოშალა და დაანგრია ენობრივი ველი, საიდანაც უბრალოდ რაიმეს გაგება იქნებოდა შესაძლებელი. ენაზე ამგვარი ძალადობის მექანიზმს ის გამჭვირვალობათა და სიცხადეთა სტრუქტურაციას უწოდებს. მას მაგალითად მოჰყავს სიტყვები “интернациональная помощь” და “воин-интернационалист”, რომლებსაც საბჭოთა კავშირი იყენებდა, მაგალითად, ავღანეთში წარმოებული ომის აღსაწერად. მამარდაშვილის თქმით:

“თუ ომზე ლაპარაკისას ვამბობთ “интернациональная помощь”, “საბჭოთა ჯარისკაცის” მაგივრად “воин-интернационалист”, ეს ნიშნავს, რომ პრინციპულად შეუძლებელია ჩვენს თავში გაფორმდეს, შეიქმნას რაიმე აზრი ომზე. აზროვნების შეუძლებლობა უკვე წაგვართვა ამ მონსტრმა - გამოთქმამ “воин-интернационалист”.“

საბჭოთა კავშირი უბრალოდ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ენაზე ძალადობით აზრზე ძალადობა, მაგრამ ის ერთადერთი არ არის. ჩვენი დღევანდელობა გაჟღენთილია ამგვარი “სიცხადეებითა” და “გამჭვირვალობებით”. მაგალითად, “ამორალური დასავლეთი” კლასიკური ორუელისეული “ორაზრია”. მორალის გაგება, რომელიც დღეს ჩვენ და ალბათ მთელ განვითარებულ მსოფლიოს გაგვაჩნია, დასავლური წარმონაქმნია. ან მაგალითად “რუსეთი მეგობარია” - სიტყვა რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს მრავალსაუკუნოვან დამცირებას, ტერორს, ძალადობას. მეგობარი ამას ყველაფერს გამორიცხავს. “თურქეთიც ოკუპანტია” - თურქეთს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ზავების საფუძველზე აქვს ის ტერიტორია, რაც აქვს, რუსეთმა კი ძალით დაიპყრო ის, რაც აღიარებული იყო საერთაშორისო ხელშეკრულებებით, როგორც საქართველოს ტერიტორია. თურქეთი-ც ოკუპანტი არ არის. თურქეთი დღეს პარტნიორია.

მიუხედავად მათი აბსურდულობისა და შეუძლებლობისა, ორაზრები, ისევე, როგორც ჭეშმარიტების დამახინჯების სხვა მცდელობები, ძალიან წარმატებულად იკიდებს ფეხს ქართულ საჯარო ენაში და ამ პროცესს ძალიან კონკრეტული ხელისშემწყობი აქტორები ჰყავს, რომლებიც თავის მხრივ თავად არიან ორაზრები. მაგალითად, დასავლეთთან მებრძოლი დასავლეთში დასასვენებლად მოსიარულე რაინდები, არაქრისტიანი სასულიერო პირები, არაპოლიტპატიმარი პოლიტპატიმრები, პატიმართა მწამებელი უფლებადამცველები, ძალიან სუბიექტურად ფაშისტური ობიექტივები და ა.შ. ყველა ეს სუბიექტი ემსახურება სააზროვნო ველის გარდაქმნასა და ტრანსფორმაციას არა მხოლოდ ისე, რომ ჩვენ დავიჯეროთ ის, რასაც ისინი ამბობენ, არამედ - საერთოდ დავკარგოთ აზროვნების უნარი და უბრალოდ ვერ გავიგოთ, რა რა არის. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული აქტორი არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი ორი გამონათქვამიც საკმარისია, რომ დავინახოთ, თუ რას ემსახურება ის:

“მე არ მითქვამს არსად, რომ პუტინი მტერი არ არის, მე ვთქვი, რომ ადამიანი, პიროვნება, თუგინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. ჩვენი მტერია რუსეთი, სახელმწიფო. პუტინი რა, ჩაჯდა ტანკში, დაქოქა, შემოვიდა, ხალხი დახოცა, თუ რაშია საქმე?”

ყველაფერი რასაც ბატონი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს არის მართალი. პუტინი მართლა არ ჩაჯდა ტანკში და მართლა არ დახოცა ქართველები. მისი ამ ნაწილის ეს სიმართლე ცდილობს, მთელ წინადადებას გადაეფაროს და მთლიანობაში წარმოჩინდეს, როგორც სიმართლე. მათ შორის ესეც: “ადამიანი, პიროვნება, თუგინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი”. ეს კი ძალიან დიდი ტყუილია. მტერია ყველა, ვისაც მტრული განზრახვები აქვს ჩემ მიმართ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის პიროვნებას აქვს მტრული განზრახვა, ვინაიდან სახელმწიფო არ არის კოლექტიური ინტელექტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განზრახვები. სახელმწიფო იმართება კონკრეტული ადამიანების მიერ და სწორედ ის პიროვნებები არიან მტრები. თუ ქვეყნის მეთაური არ არის ბრძოლაში მთავარი მტერი, მაშინ რატომ მთავრდება ბრძოლა თუ მტრობა მაშინ, როდესაც ნადგურდება მეთაური?

მეორე მაგალითი ბატონი პაატას მიერ ენობრივი ველის დანგრევისა, არის მისი კომენტარი 19 მაისს სოფელ ხურჩაში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით:

“ეს არის საშინელი მკვლელობა. ეს არის სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის არანაირად. ჩვენდა სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მას არ აქვს განგრძნობითი… არ მეორდება ამ ტიპის ღონისძიებები. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი”.

ამ წინადადების მიხედვით, ა) მესაზღვრეების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთასა და საქართველოს მოქალაქის მოკვლას ეწოდება “ღონისძიება”. ბ) “სასტიკი მკვლელობა” არის “გამონაკლისი მკვლელობა”. გ) მოხდა აბსოლუტურად თავხედური მკვლელობა, მაგრამ მდგომარეობა მძიმე არ არის არანაირად. დ) ასეთი მკვლელობა არ მეორდება.

 

დავსვათ შეკითხვები: რას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და ჩვენს მოქალაქეს კლავენ და “მდგომარეობა მძიმე არ არის არანაირად?” რანაირად? არანაირად?

რას ნიშნავს, რომ ასეთი მკვლელობა არ მეორდება, თუკი ის გუშინ მოხდა? დღესაც უნდა მომხდარიყო? თან ეს ხომ ძალიან კონკრეტული სახის მკვლელობა იყო, რომელიც იმავე ფორმით არც არასდროს განმეორდება. ვთქვათ, თუკი სნაიპერი მოკლავს შორიდან ჩვენს მოქალაქეს შეგვეძლება იმის თქმა, რომ ეს სხვა ტიპის მკვლელობაა და არა 19 მაისს მომხდარი მკვლელობის გაგრძელება?

“გამონაკლისი მკვლელობა” საერთოდ რა ტიპის წარმონაქმნია? როგორც წესი, არ გვკლავენ და გამონაკლის შემთხვევაში გვკლავენ? და რადგან გამონაკლისია, ამიტომ კარგია, რომ წესად არ აქვთ ქცეული?

“ღონისძიება” იმთავითვე დადებითი კონოტაციის მქონე სიტყვაა და ტერაქტის მიმართ მისი გამოყენება მხოლოდ ტერაქტის გაკეთილშობილებას შეიძლება ემსახურებოდეს. იმავე წარმატებით საბჭოთა კავშირი “საზარელ აქტს” უწოდებდა რომელიმე მხატვრის კუბისტურ ნამუშევარს.

როგორც ვხედავთ, ერთი შეხედვით უბრალოდ სულელურად მიჩნეული წინადადება ძალიან კონკრეტული მიზნისკენ არის ორიენტირებული. ეს მიზანი არის არა მხოლოდ ისეთი რეალობის შექმნა, სადაც ის, რაც გვაზიანებს, სასარგებლოდ წარმოჩინდება, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, სადაც საერთოდ ვერ გავიგებთ, რა გვაზიანებს და რას მოაქვს სარგებელი. არა მხოლოდ ის არ გვეცოდინება, თუ რა არის ჭეშმარიტება, არამედ - საერთოდ დაკარგული გვექნება აზროვნების უნარი საგნების ისე დანახვისათვის, როგორადაც ისინი მოგვეცემიან.

თუ ჩვენ აღნიშნულ აზრობრივ ქაოსთან გამკლავება გვსურს, აუცილებელია:

  1. იმის გაცნობიერება, რომ რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას ჩვენთვის საკუთარი იდეების გავრცელებისთვის ანუ იმის გაცნობიერება, რომ პროპაგანდა არსებობს;
  2. იმის გაცნობიერება, რომ რუსეთს ძალიან კონკრეტული აქტორები ჰყავს საქართველოში თავისი პროპაგანდის წარმოებისათვის. აუცილებელია მათი იდენტიფიცირება;
  3. პროპაგანდის ძირითადი ლოგიკის წვდომა და მისი ძირითადი გზავნილების იდენტიფიცირება;
  4. იმის გაცნობიერება, რომ ძალისხმევას შეიძლება ძალისხმევით ვებრძოლოთ. ანუ ყოველი მომდევნო პროპაგანდისტული გზავნილის გაჟღერების დროს მისი განადგურება, მისი მზის შუქზე გამოტანა და მისი განმარტება.

როგორც ბოლო პუნქტში ჩანს, ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი აზროვნებაა. დაფიქრება იმაზე, თუ რას ამბობს რომელიმე კონკრეტული თქმა. ხომ არ მალავს ეს თქმა იმაზე მეტს, ვიდრე ის თითქოსდა ხილულს ხდის? ხომ არ ართულებს ის გაგებას, მისი გამარტივების ნაცვლად? გასაგებია, რომ ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა აზროვნება. ყველანი მოაზროვნეები ვართ და უცნაურია, ისედაც მოაზროვნეს აზროვნებისაკენ მოუწოდო, მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ სწორედ აზროვნებაშივე ხორციელდება ის გაუგებრობა, რაც ზემოთ აღვწერე. ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიაზროვნოთ, არამედ უფრო ზუსტად უნდა ვიაზროვნოთ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, როგორც მამარდაშვილი იტყოდა: “ეშმაკი გვათამაშებს, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთ”.

ყველაფერი თქმულიდან გამომდინარე, მინდა სათაურიც ავხსნა: მესმის, რომ “რუსეთი კლავს!” სლოგანია, ლოზუნგი, რომელიც ისევე მალავს ძალიან ბევრ რამეს და ისევე უშლის აზროვნებას ხელს, როგორც ჩემ მიერ ჩამოთვლილი მაგალითები. ისევე, როგორც ნებისმიერი სლოგანი და ლოზუნგი, არც ეს არის აზროვნებისაკენ მოწოდებული. ამიტომ მე მას არ გთავაზობთ, როგორც მორიგ სლოგანს, რომელიც თქვენ დაუფიქრებლად უნდა დაიჯეროთ. მე გთავაზობთ მას, როგორც ალტერნატიულ ლოზუნგს, რომელიც ვფიქრობ, უფრო ზუსტად ასახავს იმას, რაც ხდება, ვიდრე აღწერა, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს. ჩემთვის რუსეთი არ გადმოდის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და რაღაც ერთჯერად ღონისძიებებს არ ატარებს. ჩემთვის რუსეთი კლავს!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები