კორცხელის ინციდენტი

პრეზიდენტი კორცხელზე: ეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მისი პრესსპიკერის თქმით, უმნიშვნელოვანესია დროული და ეფექტური რეაგირება.

"ის, რაც მოხდა კორცხელში, არის უფრო მეტი, ვიდრე სამართალდარღვევა. ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

კორცხელში მომხდარზე ეფექტური რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შესწევს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარების უნარი.

პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე მომხდარზე დროული და ეფექტური რეაგირება. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ის მართავს ქვეყანაში პროცესებს.

მმართველმა გუნდმა უნდა გაითავისოს, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ყველა კანონდარღვევაზე უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია.

პრეზიდენტი მხარს უჭერს პრემიერმინისტრის სახელმწიფოებრივ პოზიციას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რომ უსწრაფესად გამოვლინდეს ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისროს პასუხისმგებლობა", - თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები