დიდი და წმიდა კრება 2016

სინოდი კრეტის კრების უკვე შეთანხმებულ დოკუმენტებში ცვლილებებს მოითხოვს

საერთომართლმადიდებლური კრება
Dasha Afanasieva / reuters

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი, დიდ და წმიდა კრებაზე, მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ კრებისწინა შეხვედრაზე მიღებული 6 დოკუმენტიდან სამში შესწორებების შეტანის აუცილებლობას ხედავს. კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის გზით მოხდება, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც ყველა ეკლესიას) ვეტოს უფლება ექნება.

დოკუმენტში „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" საქართველოს ეკლესია ითხოვს ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების აკრძალვის უფრო მკაცრად ფორმულირებას. ამავე დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომ მართლმადიდებლისა და სხვა კონფესიის წარმომადგენელი ქრისტიანის ქორწინება შესაძლებელია, თუ ეს უკანასკნელი პირობას დადებს, რომ ამ ქორწინებაში დაბადებული შვილები მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლებიან და აღიზრდებიან, საქართველოს ეკლესია მსოფლიო კრებების კანონებთან დაპირისპირებად მიიჩნევს და მის შეცვლას, ანუ მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ქრისტიანის ქორწინების სრულად აკრძალვას მოითხოვს.  

დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ეკლესიის აზრით, ძირითადი ქვესათაურიდან, რომელიც ასე იკითხება: "მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად", უნდა ამოიღონ ფრაზა – "ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის", რადგან, მათი თქმით, ის მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა. სინოდის აზრით, დოკუმენტის ის ჩანაწერი, სადაც რელიგიათშორის დიალოგზეა საუბარი, ეკლესიის სამისიონერო ფუნქციაზე ხაზგასმას საჭიროებს.

საპატრიარქო მოითხოვს ტექსტიდან ამოიღონ შემდეგი სახის ჩანაწერიც: "ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემოკრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი, საყოველთაობა მშვიდობის პრინციპებისა, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობისა და ბოლოს ადამიანებსა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის მოწევნა". სინოდს პრეტენზიები აქვს სხვა მუხლებთან დაკავშირებითაც. 

დოკუმენტის, – „ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი", – სინოდის სხდომის ოქმში წერია, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებისათვის თავიდანვე მიუღებელი იყო და მას წინასაკრებო შეხვედრაზე ხელი მოეწერა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექსტში ჩაიწერა ასეთი წინადადება: "საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსგან, – პირველი მათგანი 1997 წ-ს, ხოლო მეორე 1998 წ-ს, – აქვთ რა მათ თავისი საკუთარი აზრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში". სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს. საქართველოს ეკლესია აცხადებს, რომ ცვლილებების გარეშე ტექსტს ხელს ვერ მოაწერს.

წმინდა სინოდმა განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შემდეგი შემდგენლობით:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II;
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი);
საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი);
მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე);
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე);
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);
ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი);
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე);
ახალქალაქისა და კუმურდოს, და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი);
სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე);
საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე);
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე);
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია);
წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია);
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე);
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი);
ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი);
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული;
დეკანოზი დავით შარაშენიძე;
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი;
მღვდელმონაზონი მიქაელ ბრეგვაძე;
ბერი ანთიმოზი ჯავახიშვილი.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდმა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ცეცისმა, გასულ თვეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების "ძირის გამოთხრის" მცდელობაში დაადანაშაულა. მამა გიორგი საეკლესიო ამბების სააგენტო „Amen.gr"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია".

მისივე თქმით, "დაბეჯითებით არავინ უწყის იმ ქართველი მამების გეგმებისა და განწყობების შესა­ხებ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წმინდა და დიდი კრების მუშაობაში. გამო­რიცხული არაა, გააგრძელონ თავიანთი ცნობილი ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ კრე­ბისწინა მოსამზადებელ პერიოდში, ანუ განაცხადონ: "არ ვაძლევთ ხმას, ვინაიდან აღნიშნული არ გამოხატავს ჩვენი ეკლესიის პოზიციას", რითაც ძირს გამო­უთხრიან კრებას, ვინაიდან მასზე გადაწყვეტილებების მიღება მართლმადი­დებ­ლობი­სათვის აქამდე უცხო წესით – კონსენსუსით მოხდება". 

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოს ეკლესიის ქცევას იმით ხსნის, რომ ის "ფუნდამენტალისტური წრეების" ტყვეობაში იმყოფება. ცეცისი მოუწოდებს იმ ეკლესიებს, "რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომელთაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მო­სამ­ზადებელი პერიოდის განმავლობაში), გაგზავნონ შეტყობინება თბილისში". [სავარაუდოდ, აქ იგულისხმება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთან ერთადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერდა პოზიციას, რომ კრებაზე გადაწყვეტილება არა უმრავლესობით, არამედ კონსენსუსით უნდა მიღებულიყო, რასაც ეწინააღმდეგებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო].

კომენტარები