26 მაისი

დამოუკიდებლობა, როგორც მსხვერპლშეწირვა

გიორგი ნონიაშვილი
0 კომენტარი

1924 წელს, ნოე რამიშვილი ერთ-ერთ წერილში ლორდ ბაირონის სიტყვებს ციტირებდა: „განა არ იცით თქვენ, რომ თავისუფლების მოტრფიალენი თავისი საკუთარი ხელით უნდა განთავისუფლდნენ!" - თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალებიდან 3 წლის შემდეგ, პარიზში, ემიგრაციაში მყოფი რამიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ქართველი ერი ისარგებლებდა შესაფერისი მომენტით და დამოუკიდებლობას აღადგენდა. „ჩვენ დღითი დღე ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტთა ბატონობის შემუსვრას საქართველოში", - წერდა ის.

ამ სიტყვებიდან 67 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ოკუპანტთა ბატონობამ იმაზე მეტხანს გასტანა, ვიდრე ნებისმიერ ემიგრაციაში მყოფ და „პირველი რესპუბლიკის" მშენებელ ქართველს ეგონა.

ამასობაში, გარემო ძირეულად შეიცვალა. საბჭოთა ნაციონალურმა პოლიტიკამ იმდენად წარმატებულად დაამკვიდრა ქართველისა და საქართველოს ახლებური გაგება, რომ დღეს უშუალოდ მისგან წარმოებულ „ნამდვილ, პატრიოტ ქართველს" ვიღებთ. თითქოსდა, ეს ყველაფერი, წარსულში დამოუკიდებლობისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლის ჰეროიკას ჰგავს. სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ სიმულაციური თამაშია, სადაც წინასწარ დაწერილი სცენარი არსებობს. „ნამდვილი ქართველი" სულაც არ ჰგავს წარსულს.

როგორ შეეგება დამოუკიდებლობას ერი, რომელმაც 70 წლის მანძილზე შეძლო „ბოროტების იმპერიის" ორგანული ნაწილი გამხდარიყო? - გააგრძელა ეს სიმულაციური თამაში და აწ უკვე რეალურად ხელშესახებ დამოუკიდებლობას შეხვდა, როგორც უკანასკნელ მტერს. თუმცა, ამასთან, სიმბოლიზმით, ლოზუნგებით, აღგზნებულობით და ოვაციებით.

სიმულაციის გარეთ, 26 მაისი არ არის დასვენების დღე. ის დაუღალავი შრომის დღეა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. არც ის დღეა, რომელიც საბჭოთა „აღლუმებს" მოგვაგონებს ხოლმე, ხანდახან სასაცილოდ სოვიეტურ-მილიტარისტული ფონით. მაინცდამაინც არც ქეიფის და დროის ტარების დღეა. ის უფრო წარსულში დაშვებული შეცდომების და ერის თვითმყოფადობისთვის გარედან თუ შიგნიდან მიყენებული ზიანის გააზრების დღეა.

26 მაისი მსხვერპლშეწირვის დღეა. ჩვენ მას მსხვერპლად ვწირავთ საკუთარ თავებს და აქედან წარმოებულ ქმნილებებს: ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოების გამართულ ინსტიტუტებს, შვილებისთვის დატოვებულ ნორმალურ საგანმანათლებლო სისტემას, პრივილეგიებისგან დაცლას, მჩაგვრელის სიყვარულის დავიწყებას და ა.შ.

ჯამში, დამოუკიდებლობას მსხვერპლად ვწირავთ Res Publica-ს. ანუ საზოგადოებრივ საქმეს.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი დამოუკიდებლობის შინაარსი. თუმცა, ხილვადია სხვა, მსგავსი ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც მისი საყრდენი კედელი შექმნეს. ამ საყრდენი კედლის შექმნა ნაკლებად იყო სპონტანური პროცესი. ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურმა არქიტექტორებმა მზა სამშენებლო გეგმით დაიწყეს შენება. საქართველოს და უკრაინას, რომელთა სახელმწიფოებრიობა ევროპული სამშენებლო გეგმების მაგივრად, სპონტანურად აშენებულ „ნახალოვკას" უფრო ჰგავს - ამის ფუფუნება არ ჰქონიათ. ისევ იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის შინაარსს მტრულად დავხვდით.

1990 წელს, მამარდაშვილი ამბობდა, რომ მისთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური სადღეისო მიზანია. „ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან".

ჩვენ, ნელი ტემპებით, სპირალურად, ყოველ 26 მაისის თავზე უფრო და უფრო ვთავისუფლდებით სიმულაციისგან და მსხვერპლის შეწირვა გვიხდება დამოუკიდებლობისთვის - როგორც აზროვნების წესისთვის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები