რეკლამა

3 ივნისს Tbilisi Summer Set 2016-ის სრული Line Up გახდება ცნობილი

3 ივნისს, 22:00 საათზე ფესტივალის ახალი ვენიუ, Freedom Warehouse თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერს და არტისტს Christian löffler-ს და Alex Niggemann-ს უმასპინძლებს.

ტრადიციულად, ამავე დღეს მოსულ მელომანებს ივლისში გასამართი ორდღიანი Tbilisi Summer Set-ის სრული Line Up წარედგინებათ.

Christian löffler (კრისტიან ლოფლერი) თბილისს ვოკალისტ Mohna-სთან ერთად ეწვევა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ინსტრუმენტების და ვოკალის დახმარებით სრულდება და ივენთს განსაკუთრებულად აქცევს. ლოფლერის მუსიკა ერთდროულად მელანქოლიური და ეიფორიული ჟღერადობით გამოირჩევა. ახალი პროექტის ტურნე 20 მაისს ბერლინში დაიწყო და საქართველოთი გრძელდება.

კიდევ ერთი საინტერესო არტისტი, რომელსაც ფესტივალი 3 ივნისს გვთავაზობს Alex Niggemann-ია დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული სახელი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სფეროში. მისი კარიერის დასაწყისი გერმანიის ერთ პატარა ქალაქ დიუსელდორფს უკავშირდება, სადაც ბავშვობის ძირითადი დრო გაატარა. ადრეული ასაკიდანვე პიანინოს საფუძვლიანად შესწავლა და მისი ძმის ვინილების მდიდარი კოლექცია იყო პირველი სერიოზული კავშირი მუსიკასთან. მის ბოლოდროინდელ რელიზებში ტექნოს გავლენა იზრდება, ძირითადი აქცენტი მძიმე აგრესიულ ბითზე კეთდება, თუმცა, ეს ყველაფერი მელოდიური და ატმოსფერული ჟღერადობების თანხლებით.

"თანამედროვე ტრენდების გარდა, ჩვენი ყველა ღონისძიების მიზანია მსმენელს ემოციური, ინტელექტუალური არტისტები შევთავაზოთ, სწორედ ეს ექსპერიმენტები ხდის SET FEST-ის სცენას განსაკუთრებულს",- ამბობს ფესტივალის PR-მენეჯერი ნიკა დვალიძე.

ფესტივალი Tbilisi Summer Set 8 და 9 ივლისს გაიმართება. საიუბილეო თარიღიდან გამომდინარე, მსმენელი იმ არაერთ არტისტს იხილავს, ვინც ფესტივალის 5-წლიან ისტორიაში საქართველოს ეწვივნენ, ბევრი მათგანი ახალი პროექტით ჩამოვა საქართველოში. ტრადიციულად, მოეწყობა ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების გამოფენა, ხოლო საფესტივალო გარემო კვლავაც მისცემს მოსულ სტუმრებს საშუალებას ორი დღით მოსწყდნენ სტრესულ რეალობას.

SET FEST 2012 წელს დაარსდა. ის ჯერ ბათუმში, ხოლო შემდეგ თბილისში იმართებოდა. SET FEST პირველი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტ ადამიანს ერთ სივრცეში აერთიანებს და მსოფლიოში პოპულარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალების კულტურას საქართველოში უკვე მეხუთე წელია ამკვიდრებს.

კომენტარები