გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

პრემიერი: კრიტიკულად მნიშვნელოვანია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 19 მაისს რუსი ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრემიერმინისტრის მოსაზრებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მკვლელი დაუყოვნებლივ დააკავონ.

"ორ კვირაზე მეტი გავიდა იმ სასტიკი დანაშაულიდან, რომელმაც ყველა შეგვძრა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია არანაირი ცნობა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია.

უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოზიტივი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ნდობის აღდგენის მიმართულებით. მეტიც, ამ პირობებში, უაღრესად რთულდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელება. ასევე, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს, მანამ, ვიდრე დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით, უმოქმედობას იჩენენ.

გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, რომლის აღდგენაც, ვფიქრობთ, ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს ყველა მასალა, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ დადგა.

მოცემულ ვითარებაში, არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება, ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით.

ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ! რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება - ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დეფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენს მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში.

გალის შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ დამნაშავის დაუყოვნებლივ გადმოცემა, მაგრამ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პირდაპირ დაუკავშირეს სტატუსის საკითხს და აპელირება მოახდინეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე. საკითხის საგანგებო ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მკვლელი დაუყოვნებლივ იქნას დაპატიმრებული.

ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს. ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა კი მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ცივი გონება, რათა ჩიხში შესული არსებული სიტუაცია ერთობლივი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ",- თქვა პრემიერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები