დაიცავი თავისუფლება

NGO-ები: ახალციხის მერია შეკრების უფლების შეზღუდვას ცდილობს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ. NGO-ები გამოთქვამენ შეშფოთებას, 8 ივნისს, ახალციხეში, ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტის ჩატარებაში ახალციხის მერიის მიერ ხელის შეშლის გამო. კონცერტი ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მერიამ კამპანია „დაიცავი თავისუფლებას" წერილობით უარი უთხრა ღონისძიების ჩატარებაზე და მისი გამართვის შემთხვევაში, შეკრება წინასწარ უკანონოდ გამოაცხადა.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ხელისუფლებისადმი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, ხოლო "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციურ დებულებას და გაფრთხილების ვალდებულებას მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების გამართვის შემთხვევაში ითვალისწინებს. სხვა ადგილებში შეკრება-მანიფესტაციის გამართვას სახელმწიფოს მხრიდან არათუ თანხმობა არ სჭირდება, არამედ, მხარეს ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებაც კი არ გააჩნია.

იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტის გამართვა დაგეგმილია ქალაქის ხალხმრავალ ადგილას - პარკში, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ღონისძიება პრობლემას შეუქმნის რომელიმე დაწესებულებას, მათ შორის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამავდროულად, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუცია მსგავს ვითარებაშიც იცავს შეკრების თავისუფლებას და მოცემული არგუმენტით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა სცდება ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ ფარგლებს.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, არც ერთი ადგილობრივი თუ ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ნებართვა არ არის საჭირო შეკრების/მანიფესტაციის ჩასატარებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილების თანახმად, ნებართვისაგან უნდა გაიმიჯნოს წინასწარი გაფრთხილება, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს და არ გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას, ნება დართოს ან არ დართოს შეკრების/მანიფესტაციის გამართვას. აღნიშნულ საკითხებზე რაიმე სახის სანებართვო სისტემის დაწესებას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.

აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების უკანონოდ გამოცხადება სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ თავისუფლებას", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი მოუწოდებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები შეკრების უფლების სარგებლობისთვის და დაიცვას თითოეული დამსწრე პირის შეკრების კონსტიტუციური უფლება.

განცხადებას ხელს აწერენ: GDI - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი - MDF, თავისუფლების ინსტიტუტი - Liberty Institute, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო, ლგბტ საქართველო - LGBT Georgia, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და ფონდი ალპე.

კომენტარები