ბოტანიკური ბაღი

ენმ: ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს

ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი სოლოლაკში
telegraph.co.uk

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ერთიანმა ნაციონაურმა მოძრაობამ გაავრცელა. ოპოზიციამ გაასაჯაროვა 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაფორმებული დოკუმენტაცია, რომელსაც ხელს საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე აწერენ. დოკუმენტების მიხედვით, მთავრობა "წავკისი ჰესის" მშენებლობის ნებართვას გასცემს.

ბოტანიკურ ბაღში დღეს ერთობლივი ბრიფინგი ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ გამართეს:

"ბიძინა ივანიშვილის გარდა ვინ არის ისეთი ჩვენს ქვეყანაში, ვინც $600 ათას დოლარს დახარჯავდა მცირე ჰესის მოწყობაში. პროექტის მიხედვით, კაშხალი უნდა მოეწყოს წავკისის ველზე, იქ მიკროკლიმატის ცვლილებაა მოსალოდნელი და იქ მოსახლეობას პრობლემები შეექმნება, თავად ჰესის აგრეგატი კი დგება ბოტანიკურ ბაღში სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ქვემოთ", - ამბობს ირაკლი აბესაძე.

"რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა დოკუმენტაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვისი კომპანიის ხელით აპირებს ბოტანიკური ბაღისგან დამატებითი ტერიტორიის მიტაცებას და ახლა არა მხოლოდ ნარმანიას, არამედ კალაძის აქტიური მონაწილეობით. დაახლოებით შარშან, წლის ბოლოს კახა კალაძემ გააფორმა მემორანდუმი შპს "წავკისი ჰესთან“, რომელმაც უნდა ააშენოს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰესი, თავისი კაშხლით. მშენებლობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ექნება დამოუკიდებელი ელექტროენერგიის წყარო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მეტისმეტია. ყველაფერს აქვს საზღვარი, ოღონდ არა ივანიშვილის ხელში. გამოვიდნენ დავით ნარმანია და კახა კალაძე და გავგაგებინონ, რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ნიკა მელია.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს "წავკისი ჰესის" 100%-იანი წილი ეკუთვნის დავით ქოროღლიშვილს, კომპანიის იურიდიული მისამართი კი თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის #2/10-შია რეგისტრირებული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქოროღლიშვილი ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, რადგანაც სავარაუდოდ ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობით მოგებული ყველაზე მეტად ივანიშვილი დარჩება. 

კომენტარები