დაიცავი თავისუფლება

ახალციხის მერია დაიცავი თავისუფლებას: თავი შეიკავეთ პროვოკაციის მოწყობისგან

ახალციხის მერია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - მიმართავს, "თავი შეიკავონ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობისა და დაძაბული ფონის შექმნისგან, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს". მერიის განცხადებით, "გარკვეული ძალები განზრახ ცდილობენ საკითხის სხვა კონტექსტში განხილვას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას". ადგილობრივი თვითმმართველობა უარყოფს, რომ ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტის ჩატარებაზე პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - უარი უთხრა.

"კატეგორიულად ვემიჯნებით და უარვყოფთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ახალციხის მერია ხელს უშლის ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას. ახალციხის მერიაში შემოსულ – ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდის მიმართვაში არ იყო მითითებული ღონისძიებების მიზანი. მერიისთვის არ იყო ცნობილი, ეძღვნებოდა თუ არა პლატფორმა დაიცავი თავისუფლებას მიერ ორგანიზებული კონცერტი რაიმე კონკრეტულ საკითხს, ამ შემთხვევაში – ევროინტეგრაციის თემებს, ანტირუსულ პროპაგანდას თუ რაიმე სხვა მიზანს. წინამდებარე საკითხის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებოდათ ღონისძიების ორგანიზატორებს, რაც მათ მიერ არ იქნა განხორციელებული. ორგანიზატორს მითითებული ჰქონდა მხოლოდ ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის გამართვა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ქართველი ხალხის სწრაფვას - ვიყოთ ევროპის ნაწილი. ამის მხარდასაჭერად თვითმართველობის ჩამოყალიბებიდან დღემდე არაერთი ღონისძიება გაიმართა მერიის ეგიდით, მაგალითად, ევროინტეგრაციის კვირეულის ფარგლებში სახელწოდებით „გავაცნოთ ევროკავშირი სკოლებს"; „ესეების' კონკურსი ევროკავშირის შესახებ; ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?, სადაც კითხვები იყო ევროკავშირის შესახებ; "ახალციხის ციხეზე" ჩატარდა „ფორტ ბოიარდი" და ა.შ. ახალციხის მერია ასევე საზეიმო ვითარებაში შეხვდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას და მხარდამჭერი აქციით შეუერთდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხის მერია საზოგადოებას და კონცერტის ორგანიზატორებს მიმართავს, თავი შეიკავონ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობისა და დაძაბული ფონის შექმნისგან, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ახალციხის მერიის მიერ დაიცავი თავისუფლებისთვის გუშინ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის გამართვა უკანონოდ ჩაითვლება.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"-ს მე-16 მუხლის "ო" ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა, რაც თქვენს მიერ დაცული არ არის. გაფრთხილებაში არ არის მითითებული აღნიშნული კონცერტის მიზანი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა, მარწმუნებლის ვინაობა, გაფრთხილებას არ ერთვის რწმუნების დამადასტურებელი საბუთი და სხვა მონაცემები, რითაც დარღვეულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნა.

8 და 9 ივნისს მესხეთის სახელწიფო დრამატულ თეატრში დანიშნულია სპექტაკლები საღამოს 7 საათზე. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული კონცერტი ხელს შეუშლის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედება ჩაითვლება უკანონოდ", - ნათქვამია წერილში.

კომენტარები