რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციო: ყაველაშვილის მონაწილეობა R2-ის საქმეში კანონმდებლობას შეესაბამება

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლე შორენა ყაველაშვილის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. სასამართლოს განმარტებით, გავრცელებულ დოკუმენტაციაში ინფორმაცია არ არის სრულყოფილად მითითებული. სააპელაციოს განცხადებით, ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

"მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18-თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, განვმარტავთ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა, მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს, ფაქტობრივად, ერთადერთ საშუალებას, თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა მოსამართლე შორენა ყაველაშვილს და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავოს იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აცხადებს სააპელაციო სასამართლო.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში ჩააბარა. შესაბამისი დოკუმენტაცია რუსთავი ორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ყაველაშვილი რუსთავი ორის საქმეს, შესაბამისად, სამოქალაქო დავას განიხილავს.

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კანონის თანახმად, ყაველაშვილს არ აქვს უფლება, იყოს იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც სამოქალაქო დავას იხილავს. მისი განმარტებით, ამ დოკუმენტების მიხედვით, საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, რაც კანონდარღვევაა. მურადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კოლეგიის მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება უკანონოდ.

სააპელაციო სასამართლო რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

კომენტარები