ე.წ. გერმანული მოდელი

დღეს პარლამენტი საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს აღარ განიხილავს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავენ. რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა განხილვის გადადების მიზეზად სესიის დაწყებისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების არყოფნა დაასახელა.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ მოფრინავენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. რიკოთს თუ მოუახლოვდნენ და მოჯირითობენ სწრაფმავალი ცხენებით - არ ვიცი. სრულიად ნათელია, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთისაგან ქმნიან მტრის ხატს. ოცნებას არ აწყობს გერმანული მოდელი ანუ სამართლიანი საარჩევნო სისტემა. რამდენი ხმაც მოგცა ხალხმა, ზუსტად იმის შესაბამისი მანდატი გეკუთვნის და მეტი არა - ეს არ უნდა ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ უნდა მაჟორიტარების ხარჯზე, მცირე ხმით მიიღოს ბევრი. გასაგებია ქართული ოცნების მიდგომა, ყველა ხელისუფლება ასე ფიქრობდა, სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება ვერ გახდა უკეთესი ამ საკითხში, ვიდრე მისი წინამორბედები. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე კარგად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს - ის ჩარჩენილია 2003 წელში. მას, როგორც ჩანს, აქვს პოსტსაარჩევნო შეზანზარების იმედი, არავითარი შეზანზარების ბერკეტი მას არ აქვს და რამდენიც უნდა იფიქროს კადაფივით კარავდაცემულმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის მისადგომებთან, ის ვერანაირ შეზანზარებას პოსტსაარჩევნო პერიოდში საქართველოში ვერ შეძლებს. ცუდია, რომ ნაციონალური მოძრაობა მორიგ ჯერზე აღმოჩნდა საკუთარი სიტყვის გამტეხი, მათ საჯაროდ თქვეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ გერმანულ მოდელს", - ამბობს ბერძენიშვილი.

ე.წ. გერმანული მოდელი ხმათა განაწილების წესის ცვლილებას გულისხმობს. ამ სისტემის დანერგვის შემთხვევაში, მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდება, თუმცა შეიცვლება მათი არჩევის წესი. მოქმედი სისტემის მიხედვით, მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები. თუკი მაგალითად რომელიმე პარტიამ მიიღო ხმათა 55% და ამავდროულად გაიმარჯვა ყველა მაჟორიტარულ ოლქში, მას პარლამენტში გაჰყავს არა 150 დეპუტატის 55% ანუ 82 დეპუტატი, არამედ ამაზე 34 დეპუტატით მეტი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციაში ცვლილებას არ საჭიროებს.

კომენტარები