რელიგია

საქართველოს ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ორბიტაზე

0 კომენტარი
ფოტო: patriarchate.ge

წმინდა და დიდი კრების ორგანიზების იდეა, ავტოკეფალური ეკლესიების წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხებისა და გამოწვევების დღის წესრიგში დასმა და მათი განხილვა, შეხვედრების ორგანიზება, მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობის მიღწევის მიზნით, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური წამოწყებაა.

საერთო კრების მოწვევის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე აღარ შევჩერდები და მოკლედ შევეხები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელმაც ამა წლის 10 ივნისის სხდომის დადგენილებით უარი განაცხადა კვიპროსზე დაგეგმილ კრებაში მონაწილეობაზე.

საქართველოს ეკლესიის სინოდის დამოკიდებულება წმინდა და დიდი კრების მიმართ კარგად აისახა ამა წლის 25 მაისის სინოდის სხდომაზე მიღებულ დადგენილებებში. სინოდმა დაამტკიცა კვიპროსზე გასამგზავრებელი 24-კაციანი დელეგაციის სია, თუმცა აღნიშნულ დელეგაციაში გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური კანდიდატი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), რომელმაც ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი დაამთავრა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროგრამა მოამბისთვის მიცემულ ინტერვიუში, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ განაცხადა სინოდმა უარი კრებაში მონაწილეობაზე - ერთ-ერთ მიზეზად მეუფემ დაასახელა ფაქტი, რომ თითქოს "მსოფლიო კრებებში მონაწილეობას იღებდა ყველა ეპისკოპოსი", ხოლო აღნიშნულ კრებაზე გადაწყდა, რომ მონაწილეობას მიიღებდა ყველა ეკლესიიდან მხოლოდ 24 დელეგატი. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება არ არის სწორი.

საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრები კრების ორგანიზატორებს ადანაშაულებენ კონსენსუსის პრინციპის დარღვევაში და საუბრობენ მათ ხისტ დამოკიდებულებაზე, თუმცა მცირე დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ სწორედ საქართველოს უკავია გამორჩეულად ხისტი პოზიცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არანაირად არ არის დოგმატური ხასიათის.

საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქები თვლიან, რომ ამ ეტაპზე მსოფლიო კრების ჩატარება მიუღებელია, და საერთოდ არ არის აუცილებელი. ალბათ ვარაუდობენ, რომ კიდევ ათას ორასი წელი უნდა მოვიცადოთ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) მიაჩნია, რომ "მართლმადიდებლური დოგმატიკა, კანონიკა და წესდება დროშია შემოწმებული და ადგილობრივი ეკლესიების მიერ რეცეპტირებული". მიტროპოლიტს ნამდვილად ავიწყდება გამოწვევები, რომელზედაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვეღარ პასუხობს. ავიწყდება ისიც, რომ საქართველოს ეკლესია, სამწუხაროდ, მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან სრული იზოლაციის გზას დაადგა. მიზეზი ბევრია, მათ შორის, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ერთმორწმუნე მეზობელი. მიტროპოლიტი დიმიტრი, 10 ივნისის სინოდისადმი მიმართვაში, გამოთქვამს შიშს, რომ ეკლესია, იმ შემთხვევაში, თუ წმინდა და დიდ კრებაში მიიღებს მონაწილეობას, დაუშვებს სერიოზულ შეცდომას, რაც "მართლმადიდებლობის გათანამედროვებას" გამოიწვევს და რომ დაინერგება აზრი - ეკლესიის არა როგორც "ღვთივსულიერი ორგანიზმის", არამედ როგორც "ადამიანური ორგანიზაციის" შესახებ. ამ შეხედულებით სრულიად გაუგებარი და ბუნდოვანია მიტროპოლიტის წარმოდგენა ეკლესიაზე, როგორც მორწმუნეთა ერთობაზე. მეუფე დიმიტრი წუხილს გამოთქვამს, რომ მომავალი კრების ჩატარების საკითხი არ განხილულა "კლიროსსა და ერისკაცთა შორის, ანუ საკითხი არ დამდგარა ეკლესიის სავსების წინაშე, რითაც დარღვეულ იქნა იერარქთა და ერისკაცთა ერთობის პრინციპი და რომ ეს საკითხი (იგულისხმება საერთო კრების მოწვევა) გადაწყდა მორწმუნეების გარეშე, რითაც დაირღვა მართლმადიდებლური სწავლება (1848 წ. კრება), რომ თითოეული მორწმუნე არის მართლმადიდებლური სწავლების და წეს-ჩვეულებების დამცველი".

ზემოთ მოყვანილი ნაკვეთი ალბათ ყველაზე ცინიკურია, რადგან მიტროპოლიტი დიმიტრი და, ასევე, სინოდის წევრების უმრავლესობა ნამდვილად არ ფიქრობს, რომ თითოეული მორწმუნე მართლმადიდებლური სწავლების და წეს-ჩვეულებების დამცველია. არ ფიქრობდნენ ასე მაშინ, როდესაც მიიღეს აბსურდული გადაწყვეტილება 1997 წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დატოვების შესახებ; არც მაშინ, როდესაც მიიღეს დადგენილება "მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხზე" (2014 წლის 14 დეკემბერი); მით უმეტეს, საერთოდ არ ფიქრობდნენ ასე, როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა გამოაქვეყნა წერილი "არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს" (2004 წ. 8 ნოემბერი), სადაც სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე მსჯელობის გამოც ისინი ეკლესიის მტრებად გამოაცხადეს. ეკლესიის იერარქებმა, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე უგულებელყვეს მართლმადიდებელი თეოლოგების მოწოდება, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უარი არ ეთქვა წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობაზე. წერილი 2016 წლის 9 ივნისს დაიბეჭდა, მასში ყველა ის საკითხია არგუმენტირებული და განხილული, რომლის გამოც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა მსოფლიო კრებაში მონაწილეობაზე.

იქნებ ვცდები და მეუფე დიმიტრის "მორწმუნე ერად" და შეურყეველი ჭეშმარიტების დამცველად, მხოლოდ პროფესორი ედიშერ ჭელიძე ან სხვა, ფუნდამენტალისტურად განწყობილი "მართლმადიდებლები" მიაჩნია, რომლებიც ფობიებით შეპყრობილნი, პირჯვრის წერითა და მამაო ჩვენოს ძახილით დასდევენ ადამიანებს საცემად. ან ისინი, ვინც ეკლესიისა და ღმერთის სახელით ღიად უპირისპირდებიან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და, ზოგადად, დასავლურ ღირებულებებს.

სინოდმა 10 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრული იზოლაციის საფრთხის წინაშე დააყენა და ერთობის ძიების მაგივრად მართლმადიდებლურ სამყაროს დააპირისპირა. ამ ნაბიჯით სინოდმა საქართველოს ეკლესიას კიდევ ერთხელ მოუსპო მოსკოვის საპატრიარქოს გავლენისგან გათავისუფლებისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა.

ირაკლი ცხადაძე,
სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
წმ. თომა აქვინელის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები