Credit Suisse

ივანიშვილი: Credit Suisse-ს შემიძლია სერიოზული ზიანი მივაყენო, ფული დამიბრუნონ

flickr.com

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო საფინანსო ორგანიზაცია Credit Suisse საერთაშორისო სკანდალშია გახვეული, რისი მიზეზიც საქართველოს ექსპრემიერისა და ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის სარჩელია. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს, საქმეზე ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი უკვე დაკავებულია. დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. 

საქმე ეხება დაახლოებით $100 მილიონს, რომელიც ივანიშვილმა 2012 წელს ბანკირის რეკომენდაციით, კომპანია RAPTOR-ში ჩადო. RAPTOR-ი ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაა და ის ღვიძლის მძიმე ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაზე მუშაობდა. კომპანიის აქციების ღირებულება 2013 წელს გაორმაგდა და ის ივანიშვილისთვის მომგებიანი ინვესტიცია იყო. 2015 წლის სექტემბერში RAPTOR-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომპანიამ ახალი მედიკამენტების ტესტირება წარუმატებლობით დაასრულა, შედეგად კი ერთ დღეში მისმა წაგებამ 37% შეადგინა. ივანიშვილმა ამის შედეგად დაახლოებით $100 მილიონი დაკარგა. ივანიშვილმა მომხდარიდან მალევე დანაკარგში პირადი ბანკირი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინვესტიცია მისი ნებართვის გარეშე განხორციელდა და ბანკირმა მას ფული მოპარა.

"ეს $100 მილიონი ჯერ ზუსტდება, ოღონდ მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს. მე არ ვიცი იქ საბოლოოდ რამდენი იქნება თანხა, იქ პროცესი მიდის მუშაობენ ადვოკატები და შეიძლება გაცილებით მეტი იყოს თანხა, შეიძლება ამდენიც არ იყოს. ყოველივე შემთხვევაში მე ეს თემა არ მაშფოთებს, რამეთუ Credit Suisse-ს აქვს საშუალება იმისა, რომ თუ მისმა თანამშრომელმა რამე კანონი დაარღვია ამაზე კომპანიამ აგოს პასუხი. მე ვცდილობ, რომ დელიკატური ვიყო და ბანკი არ გავხვიო ამ ამბავში, მეც მქონდა ბანკი, ადრე ბანკირიც ვიყავი და ძალიან ვცდილობ, რომ ბანკი ზედმეტად არ დავაზიანო ჩემი განცხადებებით, თუმცა მე შემიძლია სერიოზული ზიანი მივაყენო თუ ვთქვათ ყველაფერზე ვისაუბრებთ," - ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, მისმა ბანკირმა ინვესტიცია მისი ინფორმირების გარეშე განახორციელა, თუმცა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში RAPTOR-ის 1200000 აქცია მოხსენიებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ამ ინვესტიციის შესახებ ინფორმირებული იყო.

დაკავებული ბანკირი იხსენებს, რომ შედარებით სარისკო ინვესტიციების კეთებას მას ივანიშვილი ავალდებულებდა. ბანკირი იხსენებს, რომ ივანიშვილმა 2009 წელს Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალში არასარისკო ანგარიშებზე განთავსებული $600 მილიონის შედარებით უფრო რისკიან, აქციებში გადატანა მოითხოვა. სინგაპურის ფილიალმა ივანიშვილის თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა იმ კომპანიის აქციები, რომელშიც ივანიშვილს სურდა ინვესტირება მნიშვნელოვნად გაიზარდა, შედეგად კი ივანიშვილმა წარმატებული ინვესტიცია ხელიდან გაუშვა. ბანკრი ყვება, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ ივანიშვილი შოკირებული იყო, რის გამოც მან უფრო სარისკო ინვესტიციების კეთება დაიწყო. ბანკირის თქმით, მან ივანიშვილის საკრედიტო ხაზის გამოყენებით კლიენტთან შეუთანხმებელი რამდენიმე ინვესტიცია მართლაც განახორციელა, თუმცა ამით კლიენტისტვის ზოგიერთ ივნესტიციაზე წელიწადში 180%-იანი ამონაგებიც მიჰქონდა.

დაკავებული ბანკირის სახელის მედიით გავრცელება შვეიცარიული კანონმდებლობითაკრძალულია.

კომენტარები