ენერგეტიკა

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია იგეგმება

ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ გაჩნდება ის რაც დღეს არ არსებობს - ეს ბაზარზე არჩევანის უფლებაა. 

საქართველოს ვიცეპრემიერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში სავარაუდოდ 2016 წლის სექტემბერში გაწევრიანდება. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით კი საქართველო მთელ რიგ ვალდებულებებს, მათ შორის ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას იღებს. შედეგად კი მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის უფლება თუ რომელი მომწოდებლისგან მიიღონ ელექტროენერგია. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა 2020 წელს იწურება.

საქართველოს ენერგოსისტემის დღევანდელი სტრუქტურით, მოსახლეობა ელექტროენერგიას სამი მომწოდებლისგან იღებს. თბილისის ყველა აბონენტს დენს თელასი აწვდის, რეგიონებში მცხოვრებ აბონენტებს - ენერგო პრო, კახეთის მომხმარებლები კი დენს კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან იღებენ. აბონენტებს ერთი მომწოდებლის მეორეთი ჩანაცვლება არ შეუძლიათ.
ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანებით კი საქართველო ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულებას იღებს. ბაზარზე გაჩნდებიან ახალი მოთამაშეები, ელექტროენერგიის საფასურს კი ბაზარი დაადგენს.

როგორ განხორციელდება რეფორმა

რეფორმა მოიცავს ორ მიმართულებას, ესენი საცალო და საბითუმო ბაზრებია. საცალო, სამომხმარებლო ბაზრის ლიბერალიზაციისთვის საჭიროა ერთმანეთისგან კანონმდებლობით გაიმიჯნონ ხაზის მფლობელობა და ელექტროენერგიით ვაჭრობა. ხაზები დარჩება იმ კომპანიების მფლობელობაში ვინც დღეს მათ ფლობენ (თელასი, ენერგო პრო) თუმცა ამ ხაზებზე დაშვება თავისუფალი იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის. ე.ი. მომხმარებლები ელექტროენერგიას მიიღებენ იგივე ინფრასტრუქტურის მეშვეობით რომლითაც დღეს იღებენ, თუმცა ამ მომსახურებისთვის ისინი საფასურს სხვა კომპანიებს გადაუხდიან და თუ რომელს ამას თავად აირჩევენ. რეფორმის გატარებაში საქართველოს USAID-ის პროგრამა "მმართველობა განვითარებისთვის“ ეხმარება.

"ხაზის ფლობა და თითონ ელექტროენერგიით ვაჭრობა, ეს ორი სხავადასხვა ბიზნესია და ამას ითხოვს ზუსტად ეს რეფორმა ამ ორი ბიზნესის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია, თვითონ ევროპაშიც საკამოდ დიდი ხანი დასჭირდა ამ ბაზრის განვითარებას. თუმცა ხაზები ისევ დარჩება მონოპოლიად ამას ვერ გავექცევით, რამოდენიმე ხაზი ვერ აშენდება იმისთვის, რომ თქვენთან ბინაზე მოვიდეს სამი ხაზი. ქსელის მფლობელების მიერ თითონ ამ ხაზზე დაშვება და მოვაჭრეებისთვის დათმობა ამ ხაზის იქნება აუცილებელი. ამას ჰქვია მესამე პირის დაშვება. სადისტრიბუციო კომპანიები მაგალითად ევროპაში ამის წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა დაგვანახა პრქატიკამ, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება გაკეთებული და სწორი დასკვნები იქნება გამოტანილი სხვა ქვეყნების მაგალითებიდან ჩვენ ეს უმტკივნეულოდ შეიძლება განხორციელდეს." - ამბობს USAID-ის პროგრამა G4G-ის ენერგეტიკის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი.

იმისთვის რომ მომხმარებლებმა ელექტროენერგია შეუფერხებლად მიიღონ, ქსელის მფლობელმა კომპანიებმა სხვა კომპანიების მიერ მათი ქსელის გამოყენებაზე შეზღუდვა არ უნდა დააწესონ. სემეკში ამბობენ, რომ ამ დროს კომპანიებს თმენის ვალდებულება უჩნდებათ. სემეკში ამბობენ, რომ ლიბერალიზაციის შემდეგ მომხმარებლებს კომპანიების არჩევის საშუალება მათ საიტის მეშვეობით შეიძლება ჰქონდეთ. 

"იმისათვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ჩვენთან არის კონკურენცია სავალდებულოც კი იქნება, რომ ჩვენ ერთი მომხმარებელი ერთ კონკრეტულ მიმწოდებელს კი არ მივაბათ, არამედ მათ ჰქონდეთ თავისუფლება აირჩიონ მიმწოდებელი. მაგალითად შევდივარ სემეკის საიტზე, გავეცნობი კომპანიათა სიას, სიაში არის პირობითად მოცემული 100 მიმწოდებელი, ზოგიერთის შესახებ შესაძლოა მსმენია, წარსულიდან მაგალითად თელასი, როგორც ასეთი გაჩნდეს "თელასი მიწოდება" და ვფიქრობ, რომ მოდი ისევ თელასთან გადავერთვები, რადგან ადრე მიმიღია მისგან მომსახურება და კმაყოფილი ვარ, ან პირიქით. არ გადავერთვები, რადგანაც ადრე უკმაყოფილო ვიყავი. არსებობს ასეთი ცნება სამართალში, რომელსაც ჰქვია თმენის ვალდებულება, როდესაც პირი არის მესაკუთრე მას აქვს თმენის ვალდებულება, რომ მის ქსელში სხვისი ელექტროენერგია გაატაროს." - ამბობს სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების უფროსი მარიამ იოსელიანი.

ქვეყნის უმსხვილეს ენერგოკომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ისინი ბაზარზე წესების ცვლილების შესახებ ინფორმირებულები არიან, რეფორმების ნაწილის დასაკმაყოფილებლად კი უკვე ემზადებიან.

"ენერგო პრო ჯორჯია მიესალმება ყველა იმ ევროპულ რეგულაციას, რომელიც საქართველოში შემოვა და ჩვენ მზად ვართ, რომ შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დაწესებული იქნება ამ პერიოდში. მაგალითისთვის მე შემიძლია გითხრათ, რომ გარდა ამ ბაზრის წესების ცვლილებისა უნდა გაიყოს დისტრიბუცია და გენერაცია ჩვენ ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვს გარკვეული ხანია და ეს პროცესი წარმატებით დასრულდება." - ამბობს ენერგო პროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი.

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს ჯერჯერობით არ განიხილავს, თუმცა ცვლილებებმა ევროპულ მოთხოვნებს სრულად უნდა უპასუხოს. მსგავსი პროცესები ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, ჩილემ, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა გაიარეს.

კომენტარები