ვანო მერაბიშვილის საქმე

კოჟორიძე სტრასბურგზე: ამას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, "პრეზიდენტი არ განიხილავს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება მძიმე და დამაზიანებელი არ არის". მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ დაიწყო, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"სტრასბურგის გადაწყვეტილება ნამდვილად არის მძიმე და ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული პირების შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დღეს მინისტრებიც საუბრობენ იმაზე, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ იყო იმაში და საქართველოს პრეზიდენტი თავიდანვე აჟღერებდა ამ პოზიციას, რომ გამოძიება ჩასატარებელია. ეს ვალდებულება გამომდინარეობდა მაშინ და დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ დანაშაულის შემცველი ინფორმაციიის გავრცელებაზე პროკურატურამ უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაქცია. მე მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმ საკითხზე, მოხდა თუ არა მაშინ ვანო მერაბიშვილის გაყვანა, არამედ იმ საკითხზეც, რატომ არ გამოიძია და არ შეასრულა პროკურატურამ თავის დროზე კანონით დაკისრებული ცალსახა ვალდებულება და რატომ გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ სტრასბურგის მხრიდან სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიმყენებელი გადაწყვეტილება", - თქვა კოჟორიძემ.

კითხვაზე, ვის გულისხმობს "კონკრეტულ პირებში", პრეზიდენტის მრჩეველი პასუხობს, რომ "ვისაც ევალებოდა, ვინც იყვნენ მაშინ პროკურატურაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღებები და ჩათვალეს, რომ გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო. მე ვფიქრობ, აი, ეს გადაწყვეტილება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სწორედ ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. რატომ გადაწყდა მაშინ პროკურატურის მხრიდან, რომ გამოძიება არ დაწყებულიყო".

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.
 
კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.
 
ამასთან, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია.

კომენტარები