ვანო მერაბიშვილის საქმე

ივანიშვილი: ალბათ, ახლა მაინც გამოიძიებენ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ვანო მერაბიშვილის ციხიდან ღამით გაყვანის ინციდენტის არ სჯერა, თუმცა, კითხვა უჩნდება, რატომ არ გამოიძია აღნიშნული პროკურატურამ.

"კარგი იქნებოდა, რომ ეს გამოძიება ეწარმოებინათ თავის დროზე. სასამართლომ მიიჩნია ის, რომ თითქოს ვიღაცამ გაიყვანა და ესაუბრა, რაც ჩემთვის ღიმილის მომგვრელია. რადგან კითხვები არის, უნდა გამოიძიონ - რატომ არ გამოიძია პროკურატურამ? დღესაც მგონია, რომ აბსურდია. რატომ არ გამოიძიეს, მართლაც იწვევს კითხვებს, მით უმეტეს, რომ სტრასბურგში ასეთი კითხვები დადგა. ალბათ, ახლა მაინც გამოიძიებენ. დაველოდოთ. მაგრამ მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე გადაწყვეტილებაში საუბარი არ არის და არც მისი პატიმრობა იწვევს ეჭვს",- თქვა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით, მას არ აქვს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, შეიწყალებს თუ არა მერაბიშვილს პრეზიდენტი.

ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დარღვეულია ივანე მერაბიშვილის უფლებები. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებასთან.

კომენტარები